სიახლეები

გამორჩეული ხელწერის მეცნიერი – გივი წულაიას გამოსათხოვარი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიც­ვა­ლა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, კავკასიოლოგი და წყა­რო­­მცოდნე, ის­ტო­რიის მეცნიერებათა დო­ქტორი პროფესორი გივი წულაია. თითქოს გუშინ იყო დაბადებიდან 80 წლის იუბილე და სამეცნიერო სარბიელზე ნა­ხე­ვარსაუ­კუნო­ვანი ნაყოფიერი საქ­მია­ნობა ჯერ კონფერენციით, შემდეგ კი საიუ­ბი­ლეო კრებულით აღვნიშნეთ. ომდევნო წლებში, უნივერსიტეტისთვის სა­ჩუ­­რად გადაცემული მდიდარი ბიბლიოთეკის საფუ­ძ­ველზე, გივი წულაიას სახელობის წიგნადი ფონდი საზეიმოდ გავხსენით. ავმდაბალი, უპრეტენზიო და მუდამ თბილი ღიმილით სავსე, უნივერსიტეტის ხშირი სტუმარი იყო და ჩვენც უზომოდ გვიხაროდა, უცხოობაში გატარებული წლების შემდეგ, მხცოვანი მეცნიერის მოფერება და სიყვა­რუ­ლის გაცემა რომ შევძელით. ღეს, ჩვენ მას ვემშვიდობებით, როგორც ჭეშმარიტ სოხუმელს, სახელოვან მეცნიერსა და მამულიშვილს.

გივი წულაია 1934 წლის 20 იანვარს სოხუმში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა სოხუმის კანდიდ ჩარკვიანის სახელობის (შემდეგში ვ. მაიაკოვსკის სახელობის) მე-4 საშუალო სკოლა და 1953-1957 წლებში სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა გააგრძელა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მიკლუხო-მა­­ლაის სახელობის ეთნო­გ­რა­ფიის ინსტიტუტის (ახლა რუსეთის მეცნიერებათა აკა­­დემიის მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინ­­ტიტუტი) ასპირანტურაში, რომლის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ დარჩა კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის სექტორში. აქ იმთავითვე განისაზღვრა მი­სი სამეცნიერო ინტერესების სფერო, ეთნოლოგია, კავკასიის კვლევები და რაც მთავარია, ძველი ქართული საისტორიო მწე­­რლობის, როგორც საისტორიო წყაროს შესწავლა, ანალიზი და რუსულ ენაზე თარგმნა. ვისაც აღნიშნულ პრობლემატიკასთან შეხება ჰქონია, ან ამ მიმართულებით ნამუშევარი აქვს, მან კარგად უწყის, თუ რაოდენ რთულ და სა­პა­სუ­­ხისმგებლო საქმეს შეეჭიდა ახა­ლ­გა­ზ­რდა გივი წულაია, რომელსაც კარგად ესმოდა რა მნიშვნელობა ჰქონდა ძვე­ლი ქა­რთული საისტორიო ლი­ტე­რატურის ძეგლების რუსულ ენაზე თარგმნას სე­ნკო­ვ­ს­კის ცნობილი თეორიით გაჯერებული რუსულენოვანი მკითხველისათვის.

გივი წულაიას პირველი სერიოზული ნაშრომი „აბრსკილის გა­მ­ო­­ქვა­ბულის მითოლოგიური საიდუმლოებანი“, ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაიწერა და ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გი­ორგი ჩი­ტა­იას დიდი მო­წონება დაიმსახურა. 1966 წელს გივი წულაიამ მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთ­ნო­­­გ­რა­ფიის ინსტიტუტში საკანდიდატო დისერტაცია და­იც­ვა თემაზე: „აფხაზური ჰეროიკული ეპო­სის ძი­რი­თა­დი სახეების (ნართა და აბრსკილი) ისტორიული ინ­­­­პრეტაცია“. იმავე ინსტიტუტში, 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თე­მა­ზე: „ქართლის ცხოვრების კრებულის მატიანეთა ადრეული ციკლი (ეთნო­კულ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კის ანალიზი)“.

გივი წულაია 2011 წლამდე მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთ­ნო­ლო­გიისა და ანთროპოლოგიის ინტიტუტში. წლების მანძილზე შედიოდა ისეთი ავტორიტეტული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში, როგორიც არის „საბჭოთა ეთ­ნო­გრაფია“, აღნიშნული ჟურნალი 1991 წლიდან გამოდის, როგორც „ეთნოგრაფიული მი­მო­ხი­ლ­ვა“. 2010 წელს სამშობლოში ჩამოსულ გივი წულაიას თბილი შე­ხვე­დ­რა მოუწყვეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2011 წლიდან, ბატონი გივის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი აქტიურად თანამშრომლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლი­სის სახე­ლ­მ­წი­ფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების აკა­დე­მიურ პერსონალთან. სისტე­მა­ტიუ­რად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, სემი­ნა­რებსა და დისკუსიებში.

დღეს, საქართველოსა და კავკასიოლოგიის კვლევებით დაინტერესებული მეცნიე­რე­ბი­ს­თვ­ის სამაგიდო წიგნებად იქცა მისი თარგმანები და კვლევები: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (1979), უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისაი“ (1982), ჯუანშერ ჯუანშერიანის „ცხოვრება ვახ­ტანგ გორგასლისა“(1986), ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანე“ (2005), „აფხაზეთი და აფხაზები საქართველოს ისტორიის კონტექსტში“ (1995), „ბერი ეგნატაშვილი - მისი დრო და ისტორიული ნაშრომი“ (2013). განსაკუ­თრე­ბული მნი­შ­ვნელობისაა მის მიერ ნათარგმნი ქართული ჰაგიოგ­რა­ფი­ული ძეგლები თანდართული კვლევებით: წმ. დავით და კონსტანტინეს, წმ. ილარიონ ქართველის, წმ. ლუარსაბ პირველის, წმ. ბიძინა ჩოლო­ყა­შ­ვი­ლის, წმ. შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, წმ ევსტათის შესახებ. ყველა მათგანი მეცნიერული კეთილ­სინ­დისიერებით, სიღრმითა და რაც მთავარია ამ გმირებისადმი დიდი სიყვარულით არის დაწერილი. აღნიშნული კვლევები შეჯამებული სახითაა წარმოდგენილი გივი წულაიას მიერ მოსკოვში რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში - «Святые и Мученики Грузии», რომელიც 2006 წელს დაიბეჭდა. 2007 - 2008 წლებში მოსკოვში გამოქ­ვე­ყ­ნდა ორი მო­ნო­გრა­ფია „საქართველოს სილუეტები -1“ და „საქართველოს სილუეტები -2“.

ბატონი გივი წულაია იყო პოეტური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი, რომელსაც განსა­კუ­თ­რებული დამო­კი­დე­ბულება ჰქონდა ლიტერატურასთან. ბავშვობიდან წერდა ლექ­სებს, იბეჭ­დე­ბო­და მაშინდელ სასკოლო გაზეთებსა და ჟურნალებში. 2005 წელს მეცნიერმა შეაგროვა მისი პოე­ტუ­რი რჩეული და ლექსებისა და რობაიების შე­სა­ნი­შ­ნავი კრებული გამოაქვეყნა.

         გივი წულაიამ საკუთარი კეთილშობილებით, სამეცნიერო საქმიანობითა და მაღალი პროფე­სი­ო­ნა­ლი­ზმით თავისებური ხელწერა დატოვა, როგორც ეთნოლოგიურ კვლევებში, ასევე კავკასიოლოგიასა და ქართულ წყაროთმცოდნეობაში. დღეს, ჩვენთვის ძნელია წარსულში ვისაუბროთ უფროს მეგობარზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილზე, რომელიც მშობ­ლი­უ­რი ქალაქისა და სახლის მონატრებით ცხოვრობდა, მაგრამ ვერ შეძლო ნატვრის ასრულება. ნათელი დაადგეს ბატონი გივის სულს და მსუბუქი იყოს სამშობლოს მიწა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტო გალერეა