სიახლეები

გარდაიცვალა პროფესორი რევაზ ბასარია


2021 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ ვლადიმერის ძე ბასარია.

რ. ბასარია დაიბადა 1932 წელს ქ. გალში. 1951 წ. ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის მე-10 სკოლა, 1956 წელს – მოსკოვის საფინანსო ინსტიტუტი, ხოლო 1968 წ. კი სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი  პარტიული სკოლა (ორივე წარჩინებით). 

ის 1957-1959 წწ. მუშობდა სსრკ სახელმწიფო ბანკის სისტემაში; 1959-1966  და 1968-1976 წლებში – საქართველოს კპ ცკ-ში საქმეთა მმართველობის ინსტრუქტორ-კონტროლიორად, ინსტრუქტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ. 

15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახურს (1976-1991 წწ.); 1996-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ და დირექტორად; 2005-2019 წლებში კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად. 

მას გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი  ნაშრომი, 3 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. მისი კვლევის ობიექტია ეკონომიკური თეორიის, გადასახადების, სტატისტიკის თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის პრობლემები.

პირველად საქართველოს რეალობაში მან ფართოდ გამოიკვლია საბჭოური ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მონოპოლიზმი, საზოგადოებრივი მენტალიტეტი და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა, მესაკუთრეული პასუხისმგებლობა და სახელმწიფო საკუთრება.

ის არჩეული იყო საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად  და მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ეკონომისტის წოდება.  ბატონი რევაზი დაჯილდოვებული იყო „ხალხთა შორის მეგობრობის“ და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მედლებით, საპატიო სიგელებით, ხოლო ორჯერ კი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იყო არჩეული. 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბატონი რევაზის გარდაცვალების გამო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.


ფოტო გალერეა