სიახლეები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულში ნაადრევი ქორწინების შესახებ სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა  დაცვის ცენტრის ინიციატივით განათლების მეცნიერებათა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი თემაზე „ნაადრევი ქორწინება და მისი პრევენციის გზები“. სემინარს უძღვებოდნენ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ლია ახალაძე და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი თამარ შინჯიაშვილი.

 

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ადრეული ქორწინების გამოწვევების, რისკების, გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის თანამედროვე სტრატეგიების გაცნობა განათლების, ჯანმრთელობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის კონტექსტში.

 

სემინარი ეყრდნობოდა საერთაშორისო ორგანიზაციების - UNICEF-ისა და UNFPA-ს უახლეს კვლევებს, ასევე ადგილობრივ სტატისტიკასა და მოქმედ კანონმდებლობას. სემინარზე განიხილეს ნაადრევი ქორწინების სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რისკები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფო ინსტიტუტების როლს ადრეული ქორწინების პრევენციის პროცესში. ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და ნაადრევი ქორწინების ფსიქოლოგიურ შედეგებს მკაფიო ანალიზი გაუკეთა ასოცირებულმა პროფესორმა იზოლდა ბუხულეიშვილმა, რომელმაც დეტალურად განმარტა ადრეული ქორწინების გავლენა მოზარდის ემოციურ განვითარებაზე, თვითშეფასებასა და პიროვნულ ზრდაზე.

 

სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და წარმოადგინეს პრევენციული აქტივობების საკუთარი ხედვები, რომლებიც სკოლებში შეიძლება განხორციელდეს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სემინარები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროფესიულ განვითარებასა და მომავალი პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალშიც იგეგმება მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ და განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისკენ.

 

ფოტო გალერეა