სიახლეები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა


2021 წლის 5 აგვისტოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა.


მემორანდუმის ფარგლებში, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ უნივერისიტეტის განათლების მეცნიერების ფაკულტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელ სტიპენდიას დააწესებს. 


– პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტის მოზიდვის მეტი შესაძლებლობა, – განაცხადა ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა.


– განათლების სფეროს განვითარება ქვეყნის ძლიერების საწინდარია. შესაძლებლობა, რომელსაც „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ აძლევს მომავალ მასწავლებლებს, ხელს შეუწყობს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ განათლებულ კადრებზე დაყრდნობით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და პოლიტიკური კუთხით. საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც დაკარგული ტერიტორიების, ჩვენი ძმების დაბრუნებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეას ემსახურება, სწორედ განათლებულ კადრებზე აკეთებს აპრიორს. მოხარული ვარ, რომ ვითანამშრომლებთ ფონდთან, რომელიც ჯერ კიდევ ბატონი ბადრის სიცოცხლეშივე საქველმოქმედო საქმიანობას მრავალი მიმართულებით ეწეოდა, – აღნიშნა რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და უნივერსიტეტის სახელით, თანამშრომლობისთვის „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს“ მადლობა გადაუხადა. 


მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, აკადემიური პერსონალი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 2.5 მილიონ ლარს.


უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი მასწავლებლის სტუდენტური სტიპენდიის პროგრამა, ფონდმა გასულ წელს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო და აქტიურად ხორციელდება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თელავის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ფონდის მხარდაჭერით სამივე უნივერსიტეტის სტიპენდიანტები აქტიურად არიან ჩართულნი არაერთ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტსა თუ აქტივობებში. 


ფოტო გალერეა