სიახლეები

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ვიზიტი

2021 წლის 4 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუნუსემრეს სახელობის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, პატივცემული ალი ოუზჰან იუქსელი და თურქული ენის მასწავლებელი, ქალბატონი ლიკა ქორიძე, ოფიციალური გაცნობითი ვიზიტით ეწვივნენ.

 სტუმრებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა.

 რექტორმა ზ. ხონელიძემ სტუმრებს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, მისია და მისი განსაკუთრებული როლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. საუბრისას აღნიშნული იყო, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა ინოვაციური იდეა საერთაშორისო ურთიერთობებში საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიკონფენსიური, პოლიეთნიკური და მულტიკულტურული სამხრეთ კავკასიისათვის და არა მხოლოდ ამ რეგიონისათვის. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პროექტს უკვე იცნობენ თურქეთის რესპუბლიკაში და მის მიმართ ღრმა დაინტერესებას გამოხატავენ. ბატონმა რექტორმა ხაზი გაუსვა ქართულ-თურქულ მრავალსაუკუნოვან ისტორიას და თურქეთის სახელმწიფოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ დამოკიდებულებას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან მადლობა გადაუხადა ბატონ დირექტორს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის.

 ბატონმა ალიმ მადლობა გადაუხადა მოწვევისა და მასპინძლობისათვის. ის დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეით და აღნიშნა, რომ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ხელს უწყობს კულტურულ დიპლომატიას. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუკი მოხერხდებოდა აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება. იუნუს ემრეს ინსტიტუტისთვის პატივია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მეგობრობა და მზადყოფნას გამოთქვამს, დაამყაროს მასთან მჭიდრო კულტურული ურთიერთობები, – თქვა ბატონმა ალიმ.

 პროფესორმა ინდირა ძაგანიამ მიმოიხილა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ხანგრძლივი ურთიერთობები. მან ხაზი გაუსვა თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებს.

 კ. კვაშილავამ მადლობა გადაუხადა ბატონ ალის და მის თანამშრომლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების უანგარო მხარდაჭერისათვის.

 შეხვედრაზე მომავალი ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.     

 

ფოტო გალერეა