სიახლეები

ლატვიის რესპუბლიკის ახალი ელჩი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

2023 წლის 2 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობითი ვიზიტით საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ქალბატონი ედიტე მედნე ეწვია.

სტუმარი  მიიღო რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან ახალ ელჩს გააცნო 90-წლოვანი უნივერსიტეტის ისტორია, მისი მნიშვნელობა და მისია. 

„აქ შემომსვლელმა იმთავითვე უნდა შეიგრძნოს, რომ მოდის ქართული ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე უნივერსიტეტში, რომელიც მუდმივად ვითარდება, წინ მიიწევს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასპარეზზე. ამასთან ერთად, იცავს და უფრთხილდება ეროვნულ ტრადიციებს, ეროვნულ სულს და ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს ძმობის ხელს უწვდის“, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სსუ ქვეყნის ბედის თანაზიარი ინსტიტუციაა, რომელსაც ბედად ერგო ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის როლის შესრულება. სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშავდება ის გეგმები და ხორციელდება ამოცანები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ მიზანს ემსახურება რექტორის მიერ შემუშავებული „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, რაც უკვე საყოველთაოდ (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის ფარგლებს გარეთაც) აღიარებულია უნიკალურ ინოვაციურ იდეად საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში. ბატონმა ზურაბმა ქალბატონ ედიტეს ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ვიზიტებზე საზღვარგარეთ, რომელიც ამ წლების მანძილზე განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მსოფლიო პატრიარქთან (თურქეთის რესპუბლიკა) და ფლეტჩერის დიპლომატიურ სკოლაში (აშშ) ვიზიტებს, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარეთა დაინტერესება „საუნივერსიტეტო დიპლომატიით“ და მზაობა, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტთან ერთად საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა.

ლატვიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა რექტორს გულთბილი მასპინძლობისათვის და გამოთქვა მზაობა, აქტიურად ჩაერთოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. საელჩო კვლავაც გააგრძელებს ახალი ლიტერატურით საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მომარაგებას და ერთობლივი საგანმანათლებლო-კულტურული პროექტების განხორციელებას.

ქალბატონმა ელჩმა დაათვალიერა ლატვიის კაბინეტი და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი დავით ჯალაღონია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლატვიის საელჩოს შორის, რექტორ ზურაბ ხონელიძის აქტიური ხელშეწყობით, წლებია პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული.

ფოტო გალერეა