სიახლეები

ლიეტუვისა და ლატვიის ელჩების სტუმრობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2024 წ. 20 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი ედიტე მედნე და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ანდრიუს კალინდრა ესტუმრნენ.

 

მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი დავით ჯალაღონია, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სპიკერი), ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია.

 

რექტორმა, პროფესორმა ზ. ხონელიძემ სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის მისია, მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, სამშვიდობო ინიციატივები და სამშვიდობო განათლების პერსპექტივები, რომლებიც ეფუძნება „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“, როგორც მშვიდობის ქართულ პარადიგმას. აღინიშნა, რომ ეს იდეა სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა.

 

საუბარი, ბუნებრივია, შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რექტორმა დიპლომატებს გააცნო საქართველოს ისტორიული მისია და როლი კავკასიის რეგიონში, ასევე, ისაუბრა ჩვენი სახელმწიფოსა და ევროპის მჭიდრო ურთიერთობებზე, რომლებიც დასაბამს ანტიკური პერიოდიდან იღებს. ეს კავშირი დღემდე აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, ბალტიის სახელმწიფოები ყველაზე ახლოს დგანან საერთაშორისო გამოწვევების მხრივ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან. აქედან გამომდინარე, სწორედ ოფიციალურ ვილნიუსს, რიგასა და ტალინს შეუძლიათ კარგად აღიქვან როგორც პრობლემების სიმწვავე, ისე – საზოგადოებრივი განწყობილებები. სწორედ ამიტომაც, ჩვენმა უნივერსიტეტმა 2019 წ. აგვისტოში საზეიმოდ აღნიშნა „ბალტიის ჯაჭვის“ 30-ე წლისთავი, რადგან საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ ბალტიელებისაგან.

 

– მე მინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს შესაძლებლობა გამოკვეთოს და გადაიხაროს რომელიმე მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ სივრცის გაფართოება და სამოქმედო არეალის გაზრდა, მოვახდინოთ სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში გადატანა. ევროკავშირის, ზოგადად, და კონკრეტულად, ბალტიის სახელმწიფოების დახმარებითა და თქვენთან ერთად, ჩვენ სამხრეთ კავკასია უნდა გავხადოთ მტკიცე სამშვიდობო სივრცედ ევროპული ქოლგის ქვეშ, – აღნიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

ფოტო გალერეა