სიახლეები

ლიტერატურული ფესტივალის დახურვა

2025 წლის 20 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვა,  რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრნენ: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი;   მწერალთა, ხელოვანთა,  საზოგადო მოღვაწეთა  საერთაშორისო  აკადემია  „გულანის“ პრეზიდენტი ქალბატონი ნაირა მარშანია, ავსტრიიდან სპეციალურად ამ ფესტივალზე ჩამოსული აფხაზეთელი ქალბატონი მაკა გურჩიანი, სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია და მთარგმნელი, ჩინეთის გუანჯოუს უცხო ენათა და საერთაშორისო ვაჭრობის  უნივერსიტეტის პროფესორი იან კე.

 

სტუმრებს მიესალმნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომლებმაც ისაუბრეს ასეთი კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე.

 

პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ისაუბრა აგრეთვე ქართულ-ჩინურ ურთიერთობებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუანჯოუს უნივერსიტეტთან მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურმა, პროფესორ ინდირა ძაგანიას ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ 2016 წელს გააფორმა და 2025 წელს განახლდა.   

 

სოხუმელმა მწერალმა გურამ ოდიშარიამ,  საკუთარი რომანის „პრეზიდენტის კატა“ ინსპირაციასა და თარგმანებზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა ქალბატონ იან კეს, რომელმაც  ჩინურად თარგმნა მისი რომანი „პრეზიდენტის კატა“.

 

ჩინელმა პროფესორმა იან კემ, ისაუბრა გუანჯოუს უნივერსიტეტსა და მის მიღწევებზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე,  შემდეგ კი რომანის „პრეზიდენტის კატა“ ჩინურ თარგმანზე.

 

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები გააცნო. გაიხსენა ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც თავისი დამახასიათებელი ხმით თუ მხატვრული კითხვის ოსტატობით გამოირჩეოდნენ. ისაუბრა მწერალთა კავშირის საქმიანობაზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს. 

ფოტო გალერეა