სიახლეები

მარიამ ტვილდიანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონკურსის გამარჯვებულია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, ორგზის სტიპენდიანტი მარიამ ტვილდიანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულია.

– ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო „ცოდნა აღმაშენებელი“ დევიზის მქონე და უდიდესი ისტორიის მატარებელი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ, ახალგაზრდებს, გვაძლევს მრავალფეროვან  შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში საკუთარი თავის წარმოჩენისა და გამოცდისა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, თავისი საამაყო აკადემიური პერსონალით გვაზიარებს მეცნიერების უახლეს მიღწევებს და გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს – განათლებას, – გვითხრა მარიამმა სსუ საზოგადოებასთან და მედიის სამსახურის თანამშრომლებთან საუბრისას. –  ჩემი ურთიერთობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჯერჯერობით სულ რამდენიმე წლით შემოიფარგლება. უნივერსიტეტს, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც საინტერესო ტრენინგი ჩაატარეს და, ამის შემდეგ, კონკურსის – „ნამდვილი თუ მოგონილი“ – ჩატარების შესახებ ინფორმაციაც მოგვაწოდეს. თავდაუზოგავად ვიმუშავე საკონკურსო მასალის მოსამზადებლად და, საბოლოოდ, გამარჯვებულიც კი გავხდი. კომკომმა წარმატებულ მონაწილეებს ორდღიანი სატრენინგო კურსი ჩაგვიტარა, რომლის შედეგადაც მე ახლა მაქვს კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა – დავატრენინგო სკოლის მოსწავლეები. ამა წლის მაისის შუახანებში მერგო პატივი, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელს, შესაბამისი ტრენინგი ჩამეტარებინა 143-ე საჯარო სკოლაში, სადაც კიდევ ერთხელ ვეზიარე ჩემი მომავალი პროფესიის პრაქტიკას. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რომელმაც მომცა წარუშლელი გამოცდილება. მე, როგორც განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და მომავალში კი – პედაგოგი, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აუცილებლად დავნერგავ ჩემი სამშობლოს ინოვაციური თაობის საკლასო ოთახებში, – აღნიშნა მარიამმა.

ფოტო გალერეა