სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან

2022 წლის 20 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანესა (კალაჯაიშვილი) და დეკანოზ ბიძინას (გუნია).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაციიდან 45-ე (25.12.2022 წ.) და დაბადებიდან 90-ე (4.01.2023 წ.), ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო-კულტურული პროექტები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, შეხვედრები, რომლის განხორციელება უკვე 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.

რექტორმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მოახსენა იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო საპატრიარქოსა და სსუ-ს შორის დამყარებული კავშირები, პატრიარქ ბართოლომეოს I-ს არჩევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პირი მეუფე სტეფანეს ესაუბრა იმ თბილი და ძმური დამოკიდებულების შესახებ, რაც მსოფლიო პატრიარქს საქართველოს ეკლესიის წინამძღვართან, საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გააჩნია. მან ასევე გადასცა ბართოლომეოს I-ს გულითადი მოკითხვა უწმიდესი და უნეტარესი ილია II-სადმი.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საუნივერსიტეტო დიპლომატიის უნიკალურ იდეას და რექტორ ზ. ხონელიძის მეტად საინტერესო დაკვირვებებს, ხედვებს საქართველოს მომავალთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ხასიათის მნიშვნელოვან პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

– ბევრი რამ ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი საკითხები მოვისმინეთ თქვენგან, ბატონო ზურაბ, რომელიც, ვფიქრობ, მხარდაჭერას საჭიროებს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურ კავშირებს და შეხვედრებს, სადაც შეგვეძლება თემების შესახებ უფრო საფუძვლიანი საუბარი, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ შეხვედრისას.

ფოტო გალერეა