2025
წელს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებრიობა აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან
80 წლის იუბილეს, ნაციზმისა და მილიტარიზმის დაძლევის დღესასწაულს. სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
მიმართულებისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, 8 მაისს, მეორე
მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრა
გახსნა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა,
ხოლო ლექციას უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი
პროფ. ომარ არდაშელია, რომელმაც ისაუბრა მსოფლიო ომებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე,
ომზე, როგორც სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური,
სამხედრო კრიზისების სამხედრო ძალადობის გზით
გადაჭრის მეთოდზე, პირველ და მეორე მსოფლიო
ომების გამომწვევ მიზეზებზე, მათ შორის არსებულ კონცეპტუალურ განსხვავებებზე; მეორე
მსოფლიო ომში დაპირისპირებულ მხარეთა (ღერძის
სახელმწიფოები და მოკავშირეები) მიზნებსა და ამოცანებზე. მომხსენებელმა განსაკუთრებული
ყურადღება დაუთმო დიპლომატიის როლს მაშინდელ
საერთაშორისო ურთიერთობებში, ანტიჰიტლერული კოალიციის ჩამოყალიბების ისტორიას და
მის როლს მეორე მსოფლიო ომში ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებაში. სტუდენტებისთვის,
ბუნებრივია საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს წვლილი მეორე მსოფლიო ომში: მეორე მსოფლიო
ომში მონაწილეობა მიიღო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა. საბჭოთა კავშირის
მაშინდელი მოკავშირე რესპუბლიკებიდან პროცენტულად ყველაზე მაღალი გაწვევა ჰქონდა
საქართველოს. ასეთი მასშტაბის გაწვევა, ყველაზე დიდი მობილიზაციის დროს, არ ჰქონია გერმანიასაც კი. სულ საქართველოდან გაიწვიეს
700 ათასი ქართველი, აქედან დაიღუპა 190, 000-ზე მეტი სამხედრო, ხოლო 110, 000-მდე
სამოქალაქო პირი. ჰიტლერის მხარეს იბრძოდა 30, 300 ქართველი. მათ შორის იყვნენ ევროპაში
მცხოვრები ქართველების შთამომავლები, რომლებიც 1921 წლის ოკუპაციის დროს საქართველოდან
წავიდნენ ემიგრაციაში და ამ გზით ცდილობდნენ საქართველოს განთავისუფლებას საბჭოთა
კავშირისაგან. დისკუსიაში მონაწილეობდნენ, როგორც განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი:
ასოც. პროფ. დაზმირ ჯოჯუა, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი, ასოც. პროფ. თამარ ფხალაძე,
ასოც. პროფ. ბროლისა წულაია. დასასრულს პროფ.
ომარ არდაშელიამ შეაჯამა მეორე მსოფლიო ომის სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები
და მისი გამოწვევები მსოფლიოსთვის.