2026 წლის 16-18 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართა
პირველი საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა
გასწვრივ“, რომელსაც მასპინძლობდნენ ათენის ქართული ინსტიტუტი, ათენის განათლებისა და კულტურის
ცენტრი „კავკასია“ და ათენის ვებსტერის უნივერსიტეტი. საქართველოდან სიმპოზიუმის ინიციატორები
იყვნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გიორგი მაჩაბლის ფონდი და გრიგოლ ლორთქიფანიძის
საზოგადოება. პირველი საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მუშაობაში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ საბერძნეთის,
იაპონიის, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის ქართველოლოგები.
სიმპიზიუმი გახსნა ათენის ქართული ინსტიტუტისა
და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ხელმძღვანელმა პროფესორმა ავთანდილ მიქაბერიძემ, რომელმაც
ისაუბრა საზღვარგარეთ პირველი სიმპოზიუმის ჩატარების მნიშვნელობასა და როლზე ქართველოლოგიური კვლევების
განვითარებაში. სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, ათენის ვებსტერის უნივერსიტეტის ვიცე
რექტორი, პროფ. სუზი მიხაილიდისი, „იოანის
კაპოდისტრიასის“ საერთაშორისო ცენტრისა და საბერძნეთში იუნესკოს ასოციაციების პრეზიდენტი
მერი მარული-ზილემენუ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე
გამსახურდია, გიორგი მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარე პროფ. ოთარ ჯანელიძე. კონფერენციის
ორგანიზატორებმა ისაუბრეს სიმპოზიუმის უახლოეს და სამომავლო გეგმებზე და ხაზი გაუსვეს
სიმპოზიუმის სრულ მოხსენებათა ორენოვანი კრებულის გამოცემისა და საერთაშორისო საძიებო
სისტემებში განთავსების აუცილებლობას.
ათენში პირველი ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფ. ლია ახალაძე მოხსნებით „კიდურწაისრული ქართული ეპიგრაფიკული ტრადიციის ფორმირება: ქრონოლოგია, მხატვრული თავისებურებები და პარალელები“
და ასოც. პროფ. კახა ფიფია მოხსენებით „გვიანანტიკური ხანის კოლხეთის
ისტორიისათვის: ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, ფაქტები და ინტერპრეტაციები“. სიმპოზიუმის ონლაინ სექციას საქართველოდან ჩაერთნენ პროფ. ომარ არდაშელია
მოხსენებით „აფხაზეთის საკითხი სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების
კომპლექსში: აქტორთა მიდგომები და მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივები (2026 წლის
მდგომარეობის შეფასება)“ და ასოც. პროფ. კახა კვაშილავა მოხსენებით „სოხუმის
ბერძნული დიასპორა 1917-1921 წლებში“.
სიმპოზიუმის მონაწილეებს გულთბილი მიღება
გაუმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
ბ-ნმა ლევან ბერიძემ, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. ავთანდილ მიქაბერიძემ,
რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას ცენტრთან არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ბავშვთა ანსამბლი წარუდგინა.
ეს იყო ემოციებითა და დაუვიწყარი
შთაბეჭდილებებით სავსე საღამო, რომელმაც ერთხელ კიდევ გვიჩვენა რამდენად
მნიშვნელოვანია მეცნიერისთვის ახალი ცოდნის შექმნა-გაზიარება და პროფესიული
ურთიერთობების გამყარება საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებთან.
