სიახლეები

პროფესორ შოთა ლაშხიას მოსაგონარი



ქართული გეოგრაფიული სკოლა ხანგრძლივ და შინაარსიან ისტორიას მოიცავს. ამიტომ, საკმაოდ რთულია სახელი დაიმკვიდრო გამოჩენილი და კოლოსალურად ბუმბერაზი მეცნიერ-გეოგრაფოსების – დიდი ვახუშტი ბაგრატიონის, ალ. ჯავახიშვილის, ლ. მარუაშვილის, ვ. ჯაოშვილის, ალ. ასლანიკაშვილის, ე. კობახიძის, ზ. ტატაშიძის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მეცნიერების – ბ. დობრინინის, ვ. ზენკოვიჩისა და მრავალ სხვათა გვერდით. ამ სიმაღლეზე ასვლას დაუღალავი და დამქანცველი შრომა, საქმისადმი ერთგულება და მეცნიერული კეთილსინდისიერება ჭირდება. ჩვენდა სასიხარულოდ, ეს ადამიანური თვისებები პროფესორ შოთა ლაშხიას აღმოაჩნდა და თან გაჰყვა სიცოცხლის ბოლომდე. 

შოთა ბიქტორის ძე ლაშხია  1928 წლის 10 აპრილს გალის რაიონის სოფელ გუდავაში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (დაამთავრა 1948 წ.), ხოლო 1951-1993 წწ. მუშაობდა ამავე უმაღლეს სასწავლებელში (1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სხვადასხვა დროს ეკავა ლაბორანტის, მასწავლებლის, დოცენტისა და პროფესორის (1987 წ), გეოგრაფიის კათედრის გამგისა და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობები. 

1959 წელს დაიცვა დისერტაცია გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე – „აფხაზეთის ასსრ სანაპირო ზოლის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“. საკვალიფიკაციო ნაშრომს საფუძვლად დაედო საველე კვლევების შედეგები შავი ზღვის ნაპირების მორფოდინამიკისა და სანაპიროს კომპლექსური ფიზიკურ-გეოგრაფიული ასპექტების შესახებ. 

მეცნიერული მოღვაწეობის მეორე ეტაპზე (გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან) შ. ლაშხიამ, შეიცვალა კვლევის პროფილი და დაიწყო მუშაობა პრობლემაზე – აფხაზეთის რეგიონის ბუნებრივი რესურსების გეოგრაფიული მიდგომებით ათვისების შესახებ. კვლევების საფუძველზე მან, თანაავტორებთან ერთად, 1961 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია „Природа Абхазии“, რომელშიც დეტალურად გადმოიცა აფხაზეთის უნიკალური ბუნების კომპონენტები. 

ბუნებრივი რესურსების გეოგრაფიული მიდგომებით კვლევის საფუძველზე, 1982 წელს, მეცნიერმა გამოაქვეყნა მონოგრაფია: „აფხაზეთის ასსრ – ბუნებრივი რესურსები და სამეურნეო პრაქტიკა (ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული ტექნოლოგიის საკითხები)“, ხოლო ორი წლის შემდეგ, იმავე მონოგრაფიაზე დაყრდნობით, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წინაშე, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბუნებრივი რესურსების გამოყენების ტერიტორიული ორგანიზაცია აფხაზეთის ასსრ მაგალითზე“.

აღნიშნულ მონოგრაფიებსა და საკანდიდატო თუ სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომში გადააჭრილია ბუნებრივი რესურსების ანთროპოგენური გარდაქმნებისა და თანამედროვე მდგომარეობის, ასევე მათი გონივრული ათვისების რიგი თეორიული და პრაქტიკული პრობლემები არა მარტო რეგიონულ, არამედ გლობალურ მასშტაბებში. 

ამავე დროს, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფ. შ. ლაშხიას გამოქვეყნებული აქვს ათეულობით მეცნიერული შინაარსის სტატიები, მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, კითხულობდა ლექციების კურსებს: მოსახლეობის გეოგრაფია, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია, აფხაზეთი ბუნებრივი რესურსების ათვისება და სხვ. 1980-1985 წლებში იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სოხუმის რეგიონალური ორგანიზაციის განყოფილების თავმჯდომარე. 

მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივად და ჩინებულად წარმართვის აღსანიშნავად. შ. ლაშხია დაჯილდოვდა სსრკ უმაღლესი განათლების სამინისტროს სამკერდე ნიშნით (1980 წ.), აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1978 წ.), მიენიჭა უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. 

აფხაზეთის სამამულო ომის, კონფლიქტის (1992-1993 წწ.) შემდეგ შ. ლაშხია, ოჯახთან ერთდ,  ემიგრაციაში, ჯერ რუსეთში (მოსკოვი, 1992-1997 წწ.), ხოლო 1997 წ-დან კანადაში იმყოფებოდა და ქ. ტორონტოში ცხოვრობდა. ემიგრაციაში ყოფნისას, მან შეადგინა მონოგრაფია „იაპონია – საოცრებათა ქვეყანა (მოკლე გეოგრაფიული ნარკვევი)“, რომელიც თბილისში 2012 წელს გამოიცა. 

ბატონ შოთას დარჩა მეუღლე – ძაბული, შვილები: ვახტანგი და ნანა. ვახტანგი კვალიფიცირებული მათემატიკოსია, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს იაპონიაში, ჰყავს იაპონელი მეუღლე, ხოლო ნანა კი, მეუღლე სოხუმელი ბათალ თარბასთან ერთად, ამჟამად კანადაში, ქ. ტორონტოში ცხოვრობს.

წავიდა ჩვენგან დამსახურებული პედაგოგი, მოსიყვარულე მეუღლე, მშობელი, ბაბუა და თან დაგვიტოვა პედაგოგის ძალა, დარგის სიყვარული, დიდი პატივისცემა. 



მელორ ალფენიძე,

პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი

ფოტო გალერეა