სიახლეები

პროფესორ დაზმირ ჯოჯუას საჯარო ლექცია

2023 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმისა და აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა დაზმირ ჯოჯუამ საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელშიც გააანალიზა სოხუმის დაცემის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები.

 

აუდიტორიას მიესალმა და ომი აფხაზეთში გაიხსენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ. მისი თხოვნით, დარბაზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნას.

 

– არ მავიწყდება ის მძიმე დღეები, რომლებიც გადავიტანეთ, მაგრამ არ დავეცით. პირიქით, გავმაგრდით, არ გავმტყდარვართ. ვიცი და მჯერა, რომ დავბრუნდებით და ისიც მჯერა, რომ ეს დღე შორს არ არის, – აღნიშნა პროფესორმა ნ. თოფურიძემ.

 

ლექციამ უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა და თითქმის 2 საათს გაგრძელდა. დასასრულს, მომხსენებელს კითხვებით მიმართეს და საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა: კახაბერ ფიფიამ, ლევან ჯინჯიხაძემ, გიმზერ ალანიამ, ნოდარ ბერულავამ, კობა ოკუჯავამ, გურამ მარხულიამ, დავით ზაქარაიამ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ლუკა წურწუმიამ.

 

ღონისძიება შეაჯამა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ:

 

– ძალიან საინტერესო ლექცია მოვისმინეთ, რომელმაც აუდიტორია ააღელვა, ჩვენი ტკივილიანი წარსული გაახსენა. ვფიქრობთ, რომ ამგვარი შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, ლექტორიუმები ხშირად უნდა გაიმართოს და უფრო მეტი სტუდენტი დაესწროს. ჩვენ აქ ხომ სოხუმში დასაბრუნებლად ვემზადებით და ამ მიზნის აღსრულებისთვის ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

ფოტო გალერეა