სიახლეები

პროფესორ გელა ცაავას სამუშაო ვიზიტი პორტუგალიაში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი და განათლების სამშვიდობო ცენტრის მკვლევარი, გელა ცაავა, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ პორტუში, პორტუგალიის რესპუბლიკაში. 

პროფესორმა ცაავამ, მონაწილეობა მიიღო ავეიროს უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და მართვის (მენეჯმენტის) სკოლის მიერ ორგანიზებულ კულტურათშორისი კომუნიკაციის სწავლების II საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო „მემკვიდრეობის, კომუნიკაციისა და ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლა“.

კონფერენციაზე პროფესორმა ცაავამ წარადგინა მოხსენება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების შესახებ. მოხსენება ეხებოდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ისტორიული მემკვიდრეობისა და იდენტობის წაშლის მიზნით განხორციელებულ უკანონო ქმედებებს და მიზნად ისახავდა, მნიშვნელოვანი კვლევითი მასალის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას. 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფესორ გელა ცაავას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ქვეყნის ინტერესების პოპულარიზებისათვის.

ზემოთაღნიშნული ვიზიტი 2025 წლის 12-15 ნოემბერს შედგა.

ფოტო გალერეა