სიახლეები

პროფესორ ინდირა ძაგანიას ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ლატვიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ინდირა ძაგანიას მიენიჭა საპატიო აკადემიური წოდება - ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი (Doctor Honoris Causa).

ეს მაღალი აკადემიური წოდება წარმოადგენს პროფესორ ინდირა ძაგანიას სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაში მისი საქმიანობისა და საქართველოსა და ლატვიას შორის მტკიცე სამეცნიერო და ადამიანური კავშირების აღიარებას.

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მისასალმებელი და მილოცვის სიტყვებით წარსდგნენ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ივარს კალვინში, აკადემიკოსი ვენტა კოცერე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბაიბა რივზა, ნორდიკული უნივერსიტეტის რექტორი რომან დიაკონი, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი ანა აბულაძე, ასევე – ქართული საზოგადოება ,,სამშობლოს“ ხელმძღვანელი იმედი კოკაია.

მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასა და მეცნიერის პიროვნების განსაკუთრებულ როლზე ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.

ცერემონიის განსაკუთრებული ნაწილი იყო პროფესორ ინდირა ძაგანიას მადლობის სიტყვა. ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების, კოლეგების, მეცნიერებისა და ღონისძიების სტუმრებისადმი მიმართვისას მან აღნიშნა:

,,ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას აღვიქვამ არა მხოლოდ როგორც ჩემი სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის მაღალ აღიარებად, ჩემთვის ეს, უპირველეს ყოვლისა, არის დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მტკიცე შეიძლება იყოს აკადემიური, სამეცნიერო და ადამიანური კავშირები ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს უნივერსიტეტებსა და ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებებს შორის“.

პროფესორმა ინდირა ძაგანიამ მადლობა გადაუხადა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ საზოგადოებას მინიჭებული მაღალი პატივისთვის და აღნიშნა, რომ საპატიო წოდების მიღება მისთვის არა მხოლოდ პირადი მიღწევაა, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის Შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი სიმბოლოც.

ცერემონია აკადემიური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ლატვიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.

პროფესორ ინდირა ძაგანიასთვის ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ქმნის ახალ შესაძლებლობებს მეცნიერების, განათლების, აკადემიური გაცვლებისა და ერთობლივი საერთაშორისო ინიციატივების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.


ფოტო გალერეა