სიახლეები

პროფესორი მელორ ალფენიძე – 75

2022 წლის 21 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ მელორ ალფენიძეს 75 წელი შეუსრულდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს დაბადებიდან75-ე წლისთავს სსუ აკადემიური საბჭოს წევრს, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს,ცნობილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ მელორ ალფენიძეს.

ბატონო მელორ, უდავოდ დიდია თქვენი, როგორც მეცნიერისა და მკვლევრის როლი საქართველოს გეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების საქმეში, არა მხოლოდ რეგიონული, არამედმსოფლიო მასშტაბით ინარჩუნებს აქტუალობას ის ნაშრომები, რომელიც ზღვებისა და ოკეანეების სანაპირო ზონის მორფოლოგიასადა დინამიკას,ზღვისპირეთებისა და წყალქვეშა ფერდობების ლანდშაფტურ ეკოლოგიას, გარემოს რეგულირება-მართვის პრობლემებს და ბევრ სხვა თემას მიუძღვენით.

აფხაზეთის,კერძოდ კი, სამურზაყანოს მკვიდრი წლების განმავლობაში განსაკუთრებული რუდუნებით მოფერებიხართ მშობლიურ კუთხეს, მის მთასა თუ ბარს, მის ხავერდოვან სანაპიროს. თბილისში მყოფმა საგანგებოდ შეისწავლეთ პოსტკონფლიქტურ პირობებში შეირაღებული კონფლიქტებისა და საბრძოლო მოქმედებებისეკოლოგიური შედეგები.       

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს თქვენი პედაგოგიური საქმიანობა, რომელიც არაერთი თაობის აღზრდა-განათლებაში გამოიხატება როგორც აფხაზეთის, ისე ქვეყნის მასშტაბით.საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო, ნათქვამია. მეცნიერსა და მკვლევარზე მისი მაღალიდონის ნაყოფიერი მოღვაწეობა მეტყველებს. ასეთია თქვენი ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლითაც ხელმძღვანელობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომელსაც დიდი ინტერესით ეცნობა გეოგრაფიული მეცნიერებით დაინტერესებული ქართველი თუ უცხოელი მკითხველი. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს თქვენ მიერ გამოცემული მონოგრაფიები, ლექსიკონები, კრებულებიდა სხვა.ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მშობლიურ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიული მეცნიერების შესწავლისადა სწავლების განვითარების თვალსაზრისით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გამართულმა სემინარებმა და  რესპუბლიკურმა სამეცნიერო-პედაგოგიურმა კონფერენციებმა სტიმული დაუდო გეოგრაფიის შემდგომ განვითარებას, ამ მეცნიერებით მეტი და მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას.

მთელი გულითა და დიდი პატივისცემით გილოცავთ იუბილეს აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს,საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილწევრს, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ღირსების მედლის კავალერს! გისურვებთ ჯანმრთელობას,მზეგრძელობას, შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის სასახელოდ.        

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა