სიახლეები

პროფესორი ოთარ ჭკადუა - 70

2023 წლის 8 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ოთარ ჭკადუას 70 წელი შეუსრულდა.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 70-ე წლისთავს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ცნობილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ ოთარ ჭკადუას.



„უდავოდ დიდია თქვენი, როგორც მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქართულ სამეცნიერო სივრცეში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს თქვენი სამეცნიერო მიღწევებით, რომლებიც აქტუალურია როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ. თქვენ, როგორც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოს ილია ვეკუას პრემიის ლაურიატს, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრს, რეცენზენტსა და რეფერენტს დიდი ღვაწლი შეგაქვთ მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის წარმოჩინებაში მსოფლიო მასშტაბით. თქვენი ნაშრომები გამოირჩევა პრობლემათა აქტუალობითა და სამეცნიერო სიღრმით. თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგი – ასამდე სამეცნიერო პუბლიკაცია - დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც სტუდენტების, ისე ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ. ცალკე აღნიშვნის ღირსია თქვენი პედაგოგიური საქმიანობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არაერთი თაობა აღზარდეთ. თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებით ხორციელდება მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამა. ბატონო ოთარ, გილოცავთ საიუბილეო თარიღს! გისურვებთ დღეგრძელობას, შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის სასახელოდ!“

ფოტო გალერეა