სიახლეები

პროფესორი რუსუდან გაჩავა გარდაიცვალა

90 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი რუსუდან გაჩავა.

 ქალბატონი რუსუდანი დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში. ფრანგული ფილოლოგიის სპეციალობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებისთანავე, პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს ქ. სოხუმში, სადაც ფრანგულ ენას ასწავლიდა ქ. სოხუმის მე-2 და მე-14 საშუალო სკოლებში.

 მალევე მოღვაწეობას აგრძელებს ქ. სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. უმაღლეს სასწავლებელში ქალბატონმა რუსუდანმა 60 წელი იმოღვაწა.

 პროფესორი რ. გაჩავა მრავალი თაობის აღმზრდელია. ის არის არაერთი სამეცნიერო სტატიის, სახელმძღვანელოსა და ლექსიკონის ავტორი, საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს „პალმის რტოს“ ორდენის კავალერი; დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით.

 ქალბატონმა რუსუდანმა სოხუმშივე შექმნა ოჯახი. ის ორი ქალიშვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებია იყო.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ რუსუდან გაჩავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და კოლეგებს.

ფოტო გალერეა