სიახლეები

პროფესორი ზვიად გაბისონია განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ზვიად გაბისონიას შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, თანამშრომლებთან. შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რთულ პროცესებზე, მეცნიერების დიდ როლზე, მათი აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ, სათანადო სამეცნიერო ნაშრომების შექმნისა და გამოცემის აუცილებლობაზე, მხარდაჭერა გამოხატა განათლების და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების მიმართ. 
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ აუდიტორიას წარუდგინა ხედვა განათლებისა და მეცნიერების სფეროს კომპლექსური რეფორმის შესახებ, ისაუბრა მეცნიერების ინსტიტუციონალურ, სამართლებრივ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რეფორმის პრიორიტეტებზე, გამოყენებითი და მიზნობრივი კვლევების, ასევე ინტერდისციპლინური, ინტერინსტიტუციონალური ინტეგრირებული კვლევების მნიშვნელობაზე; აღნიშნა, რომ მეცნიერების განვითარების 5 პრიორიტეტულ მიმართულებას შორის კვლავ განსაკუთრებული როლი ენიჭება ქართველოლოგიას, საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს, კვლევებს, მითუმეტეს, დღევანდელი მცოცავი ოკუპაციის პირობებში; ფონდის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველოლოგიური კვლევების პროგრამული დაფინანსების გაზრდის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა იქნება. აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდის მიერ ადმინისტრირებული კონკურსებზე წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევების შეფასების სისტემა მაღალ ევროპულ, ERC-ის და Horizon 2020-ის სტანდარტებს დაუახლოვდება. ზვიად გაბისონიამ უპასუხა აუდიტორის მრავალრიცხოვან შეკითხვებს, გაეცნო მათ მოსაზრებებსა და საქმიან წინადადებებს მეცნიერების რეფორმის, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს, რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

ფოტო გალერეა