2026 წლის 26–30 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, თურქეთის ისტორიული საზოგადოების მიწვევით, ქალაქ ანკარაში გამართულ თურქეთის ისტორიის მე-20 კონგრესში მონაწილეობა მიიღო.
კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟითა და თურქეთის ისტორიული საზოგადოების, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.
პროფესორი ზურაბ ხონელიძე კონგრესის პლენარულ სესიაზე წარდგა მოხსენებით - „მშვიდობის ქართული პარადიგმა: საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი სამხრეთ კავკასიაში“.
მოხსენება ორ ნაწილს მოიცავდა: „სამხრეთ კავკასია - ახალი სამშვიდობო სივრცე“ და „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. მასში საუნივერსიტეტო დიპლომატია წარმოდგენილი იყო როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი სამეცნიერო დიალოგის სამმხრივი პლატფორმის შექმნას ემსახურება.
კონგრესის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე კონცეფციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილვისას ყურადღება გამახვილდა მის მნიშვნელობაზე როგორც რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ქართულ მოდელზე, ასევე სხვა კონფლიქტურ რეგიონებში მისი გამოყენების შესაძლებლობაზე.
დელეგატებმა მხარი დაუჭირეს პროექტს, ხაზი გაუსვეს მისი განხორციელების აუცილებლობას და თანადგომა გამოხატეს კონცეფციის ავტორის მიმართ.
თურქეთის ისტორიულმა საზოგადოებამ ასევე გამოთქვა ინტერესი და მხარდაჭერა პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის - „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ - თურქულ ენაზე დიდი ტირაჟით გამოცემის მიმართ.
