სიახლეები

ქალაქ თბილისის მერიამ სსუ-ს წარმატებულ მაგისტრანტებს სტიპენდიები გადასცა

2024 წ. 23 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საზეიმო ვითარებაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კახა კალაძის სახელით,  წარმატებულ მაგისტრანტებს დედაქალაქის მერიის სტიპენდიის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

– ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა და იმ საპატიო მისიის შესრულება, რომელიც დღეს დამეკისრა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ განსაკუთრებული მისიის უნივერსიტეტში სწავლობთ. ამ სასწავლებლის ბედი ქვეყნის ბედის თანაზიარია. მინდა, რომ ეს მუდამ გახსოვდეთ და ამას აფასებდეთ. ის, რომ თქვენ წარმატებული სტუდენტები ხართ, ეს დღეს გადმოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სერტიფიკატებით დასტურდება. მსურს, მომავალი წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ, თქვენ წინ დიდი და სასახელო მომავალი გელოდებათ! – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

წარმატებულ მაგისტრანტებს მიღებული სტიპენდია ასევე მიულოცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ.

მაგისტრანტებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს და მათი ფაკულტეტების პროფესურას მათ წარმატებაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტში შექმნილი მეგობრული გარემოსათვის, რომელიც, მათი თქმით, სტუდენტს უფრო მეტად მოტივირებულს ხდის.

წარმატებული სწავლისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდია გადაეცათ: ლიკა ჭამპურიძეს (სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი), მარიამ ჯინჯიხაძეს, მარიამ ჩერქეზიშვილს, ნათია ნუგზარაშვილს (განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი), ცირა ბუთბაიას (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი).

ფოტო გალერეა