სიახლეები

რადიოჩართვა ჩრდილოეთ ამერიკის სტრატეგიული განვითარების ცენტრთან

2020 წლის 5 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძესა და ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს, ჩრდილოეთ ამერიკის სტრატეგიული განვითარების ცენტრთან რადიოჩართვა ჰქონდა, რომელიც განხორციელდა აშშ-ში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორის, ბატონ გიორგი (ლაშა) კასრაძის ხელშეწყობით. ინტერვიუს უძღვებოდა Stratfor-ის სტრატეგიული ანალიზის ხელმძღვანელი – როჯერ ბეიკერი.

 ინტერვიუ, ძირითადად, ეხებოდა კავკასიის მნიშვნელობას მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს, როგორც რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მედიატორს. რექტორმა ზ. ხონელიძემ აღნიშნა:

 „ჩვენ ამჟამად ვიმკით საბჭოთა იმპერიის მიერ ჩადებული ნაღმებისა და წითელი რეჟიმის 30 წლიანი უსისტემო დემონტაჟის შედეგებს. საქართველო არ არის და ვერ იქნება ჩაკეტილი ავტონომიური სისტემა. იგი სივრცითი მოვლენაა, როგორც ცხოვრობს სივრცეში, ასევე ქმნის სივრცეს და ვერ იტანს სიცარიელეს. საჭიროა ფილოსოფიური ცვლილება, ღრმა სტრატეგიული აზროვნება, რომელიც დაუბრუნებს ადამიანებს რწმენას სამყაროს საფუძველში მდებარე ღირებულებებისა – თავისუფლების, სამართლიანობისა და სიყვარულის მიმართ. ეს ერთგვარი ინტელექტუალური რწმენა უნდა იყოს, რომელიც გააჩენს ინტელექტუალურ ნდობას რეალური ღირებულებებისადმი. საქართველო რელიგიურად, ისტორიულად და გეოგრაფიულად იმ გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთის ეპიცენტრშია, რომელსაც არამხოლოდ ქართული, არამედ, სამხრეთ კავკასიური, ერთიანი კავკასიური სოციო-კულტურული და პოლიტიკური სივრცე ჰქვია. ჩვენი ბედ-იღბალის განსაზღვრა სცილდება ქვეყნის საზღვრებს, იძენს რა რეგიონულ და გლობალურ მასშტაბებს. ქართული სახელმწიფოსადმი ინტერესი განპირობებულია, უპირველესად, გეოპოლიტიკით. განგებამ საქართველოს მიუჩინა ევრაზიის კარიბჭის ადგილი, ამ გასაღების ფუნქციამ ძირეულად განსაზღვრა ჩვენი ბედი. ქვეყნის გზაჯვარედინზე იკვეთება გლობალური, ტრანსნაციონალური, დასავლური, ევროატლანტიკური, რუსული, ახლოაღმოსავლური, ჩინეთის, აზიის და ა.შ. ინტერესები, რამაც საქართველო მათი დაპირისპირების არენად აქცია. ეს არის მოცემულობა, რომელიც არა მხოლოდ გავლენას ახდენს, არამედ განსაზღვრავს ჩვენს ბედსა და დანიშნულებას საერთაშორისო პოლიტიკაში. სამწუხაროდ, უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდგომარეობა საქართველოსათვის, დაბრკოლებად იქცა. არსებული პრობლემების მოგვარება, გლობალიზებული პროცესებისა და მასში ქვეყნის როლის ახლებური გააზრებით საერთო პოლიტიკის ძირითადი რეგულატორის – დამატებითი ინტერესისა და მსოფლიო მომწესრიგებელ ძალთა წონასწორობის დაცვით, არსებული „მოცემულობის“ შეცვლაში უნდა ვეძებოთ. რეგიონულ სივრცეში (რომელიც საკუთრივ –კავკასიურის, აღმოსავლურისა და დასავლურის სინთეზია) უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ სამხრეთ კავკასია, სადაც მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა ოდითგანვე საქართველოს ენიჭება. რაც შეეხება კავკასიას – მსოფლიო ხალხთა ცივილიზაციის აკვანს, მართალია, იგი, ერთიანი გეოგრაფიული რეგიონია და საქართველოც იმ ისტორიის ნაწილია, რომელსაც კავკასიური ერთობა ჰქვია. ამასთან, ფაქტია, რომ IV საუკუნიდან ამ ერთიანობის იდეის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ამდენად, ძველი იდეისადმი ჩაბღაუჭების ნაცვლად უმჯობესია, მით უფრო დღეს (როცა ანგარიშგასაწევი გარეშე ძალების, უპირველესად, რუსეთისათვის, კავკასიური სოლიდარობაც კი მიუღებელია), კავკასია კავკასიელ ხალხთა მხოლოდ კულტურულ-ცივილიზაციურ ერთობად განვიხილოთ, ხოლო სამხრეთ კავკასია, სუვერენული სახელმწიფოებისაგან შემდგარ იმ ერთიან რეგიონულ სივრცედ, რომელიც ერთად წარსდგება მსოფლიოს ძირითადი გეოპოლიტიკური ცენტრების, უპირველესად აშშ-ის, შემდეგ ევროკავშირის და რუსეთის წინაშე“.

 ეს არ იყო პირველი ინტერვიუ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან აღნიშნულ თემაზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატეს დიდი ინტერესი უფრო ჩაუღრმავდნენ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციას და რეალურ დროში განხვილის შედეგად გაანალიზონ იგი.

ფოტო გალერეა