სიახლეები

რასულ ჰამზათოვი - 100

2023 წლის 19 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი დაღესტნელი (ხუნძი) მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რასულ ჰამზათოვის 100 წლის იუბილეს.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების იდეის ავტორი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და  დიდი ძალისხმევით, ასევე, უნივერსიტეტის კანცლერის (პროფ. ნინო თოფურიძე),  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელისა (პროფ. ლია ახალაძე) და სამშვიდობო განათლების ცენტრის  თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით კონფერენციის მუშაობა სასიამოვნოდ და საინტერესოდ წარიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა საზეიმოდ, დაღესტნისა და საქართველოს ჰიმნების გაჟღერებით. დაღესტნელთა დელეგაციის წევრებმა თავადაც შეასრულეს რ. ჰამზათოვის ტექსტის მიხედვით შედგენილი თავიანთი ეროვნული ჰიმნი, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ზურაბ ხონელიძე და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო/სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფ. მერაბ ჩუხუა. სიტყვით გამოსვლისას, მათ ხაზგასმით ისაუბრეს კავკასიური ერთობის, საერთო კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული წარსულის გააზრების დიდი მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

ცნობილია, რომ პოეტ ირაკლი აბაშიძესა და რ. ჰამზათოვს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. სწორედ ამიტომ, ღონისძიებას ესწრებოდა სპეციალურად მოწვეული სტუმარი, საქართველოს ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი - ზურაბ აბაშიძე (პოეტ ირაკლი აბაშიძის შვილი), რომელმაც ვრცლად ისაუბრა მამისა და მისი გამორჩეული მეგობრის ურთიერთობებზე, მოგონებებზე, რომელთა უშუალო მონაწილე და თვითმხილველიც გახლდათ.

რ. ჰამზათოვისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციას ესწრებოდა 30-მდე სტუმარი ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ, დაღესტნის რესპუბლიკიდან (მაჰაჩყალიდან). მათგან 3 მონაწილე იყო ჰამზათ წადასას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი: მაჰომედ . მაჰომედოვი - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, გრამატიკის კათედრის გამგე; აჰმედ მურთაზალიევი - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის კათედრის გამგე; ფატიმათ ალიბეკოვა - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი. კონფერენციის დანარჩენი მონაწილეები იყვნენ თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ასევე კავკასიოლოგიის  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

             კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ზოგად-კავკასიური ლიტერატურული ასპექტების, ქართულ-დაღესტნური ლიტერატურული ურთიერთობების,  რ. ჰამზათოვის შემოქმედებისა და მის ნაწარმოებებში გამოყენებული ლექსიკური ერთეულების ლინგვისტური ანალიზის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწერლის ორიგინალურ და თარგმნილ ნაწარმოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო საარქივო მასალები, ნახატები და წერილები, რომლებიც ასახავდნენ რ. ჰამზათოვისა და ქართველი მწერლების/საზოგადო მოღვაწეების სანიმუშო ურთიერთობებს.

არაერთხელ აღინიშნა ის ფაქტი, რომ რ. ჰამზათოვი წერდა მხოლოდ თავის მშობლიურ ხუნძურ ენაზე  და შექმნა არაერთი დიდებული პოეტური და პროზაული ნიმუში დაღესტნისა და დაღესტნელი ხალხის შესახებ.

             კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მცირე გამოფენა, კერძოდ, 2 ფოტო-ალბომი დაღესტანსა და დაღესტნურ კულტურაზე. ალბომები რ. ჰამზათოვს და მის ძმას საჩუქრად მიურთმევიათ აკად. არნოლდ ჩიქობავასთვის. ერთ-ერთი მათგანის - „დაღესტანი - ჩემი გული და სახლის“ (1979 წ.) შემდგენელი და ტექსტის ავტორია რ. ჰამზათოვი, რომელსაც 1980 წელს  ალბომი აკად. არნ. ჩიქობავასთვის უსახსოვრებია შემდეგი წარწერით: „ჩვენი კავკასიის შესანიშნავ და მნიშვნელოვან პიროვნებას, დაღესტნის დიდ და ძველ მეგობარს არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავას. „ენა რასაც ვერ იტყვის, იმას გული იტყვისო“ (ანდაზა ხუნძურ ენაზეა დაწერილი).

            ასევე, გამოფენილი იყო თსუ-ს კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ასოც. პროფესორის რევაზ აბაშიას მიერ 1982-1983 წლებში დაღესტნიდან ჩამოტანილი რ. ჰამზათოვის რჩეული ტომები. მათ შორის იყო, მწერლის გამორჩეული პროზაული ნაწარმოები „ჩემი დაღესტანი“, რომელიც მიჩნეულია დაღესტნელი ხალხის ცხოვრების ლირიკულ-ფილოსოფიურ ენციკლოპედიად. კონფერენციაზე გაჟღერდა ქართული ფოლკლორული საუკეთესო ნიმუშის „მზე დედაა ჩემი“-ს ხუნძური თარგმანი:

 ბაყ დირ ებელ ბუგო,

მონ დირ ემენ ბუგო,

     ქუნჭ-ქუნჭულელ წვაბი,

ვაცგი იაცგი რუგო.

            ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები.


            იხ. კონფერენციის პროგრამა

ფოტო გალერეა