სიახლეები

რეგიონალური გეოპოლიტიკური ექვსეული

2020 წლის 17 დეკემბერს ინგლისურენოვანმა გაზეთმა „ჯორჯია თუდეი“ გამოაქვეყნა ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ამერიკანისტის, ბატონ ნუგზარ რუხაძის წერილი „The Regional Geopolitical Sextet“, რომლის ქართულ თარგმანსაც აქვე გთავაზობთ.(თარგმნა მარიამ გამსახურდიამ)

 

რეგიონალური გეოპოლიტიკური ექვსეული

GEORGIA TODAY არის ჩვენი საყვარელი გაზეთი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვიძლია ვიკითხოთ და ვისიამოვნოთ მასში გადმოცემული ინფორმაციით. უპირველეს ყოვლისა, ეს მრავალმხრივი ყოველკვირეული გაზეთი არის ძლიერი იარაღი, რომ კაცობრიობას გავაცნოთ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული შეხედულებები. თითოეული ჩვენგანი – დამფუძნებლები და გამომცემლები, რედაქტორები და სტატიების ავტორები, დიზაინერები და კორექტორები, ფოტოგრაფები და ვებ-გვერდის სპეციალისტები, ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რა არის კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი ჩვენი ეროვნული შეხედულებების გათვალისწინებით.

რამდენიმე დღის წინ პრესაში წავაწყდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას: თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, შესაძლებელია, შეიქმნას „6 ქვეყნის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სომხეთი, თუ ისინი ხსენებული რეგიონალური გეოპოლიტიკური სექსტეტის წევრობის სურვილს გამოთქვამენ. ბრწყინვალეა! გასაოცარია! ერთადერთი, რაც ჩემს მცირე უნდობლობას იწვევს ამ მახვილგონივრულ გეოპოლიტიკურ იდეასთან დაკავშირებით, არის ის, რომ ეს იდეა არ უნდა მივიჩნიოთ სუფთა წყლის თურქულ პოლიტიკურ ნააზრევად, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ინიციატივა ნამდვილად თურქულია.

ამ იდეის მცდარი წარმოშობის ფაქტი, სულ მცირე, უსამართლობა იქნება საქართველოს მიმართ, რადგან ეს იდეა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასასრულს გაჟღერდა აქ აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ. მისი ავტორია პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი. სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური სივრცის უფრო რაციონალურად და ხელსაყრელად გამოყენების იდეა, რაც ეფუძნება ახალ სამეზობლო პოლიტიკასა და რეგიონალური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, აღბეჭდილია მის ცნობილ ტრილინგვისტურ (ქართული, ინგლისური, რუსული) წიგნში – „საქართველოს არჩევანი“.

ამ მეტად საინტერესო იდეის განმეორებითი ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია მოხდა 2013 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც კიდევ ერთხელ დაწვრილებით გაჟღერდა იდეის რაციონალურობა და სიკეთე მთელი მსოფლიოსთვის, ზოგადად, და სამხრეთ კავკასიისთვის, კერძოდ. ზურაბ ხონელიძის წიგნში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შინაარსის გეოპოლიტიკურ ფორმატს, შეიძლება, ჰქონდეს არა მხოლოდ სექსტეტის სახე, არამედ კვინტეტის, კვარტეტის ან ტერცეტის ფორმაც, ანუ ისეთი, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე იქნება რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე მორგებული.

ნამდვილად მისასალმებელია მოქმედი პოლიტიკოსებისა და აქტიურ პოლიტიკურ მეცნიერთა აზრების თანხვედრა, თუმცა, ორივე მხარის წვლილი სათანადოდ უნდა დაფასდეს. ასეთი დამთხვევის სიკეთის თვალსაჩინო მტკიცებულებაა ამონარიდი ხონელიძის პროექტიდან – „სამხრეთ კავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე“. „სრულიად ახალი რეინტეგრაციის პროექტის შექმნით, რაც საერთო კეთილდღეობისაკენ სწრაფვის შედეგია, სამხრეთ კავკასიაში არსებულ რადიკალურ დამოკიდებულებას ჩაანაცვლებს რეგიონის ქვეყნებისა და საგარეო ძალების დაბალანსებული ინტერესები. შედეგი კი იქნება არა ვინმეზე გამარჯვება, არამედ ახლებური მიდგომა მსოფლიო ვაჭრობისა და საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციისადმი“. ერთი სიტყვით, მსოფლიო, ალბათ, მოიგებს თუ სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური სივრცის გაშლას და გაერთიანებას შეძლებს რეგიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის, არსებული კონფლიქტების გასამკლავებლად.

მსოფლიოში ანალოგიური იდეები არაერთხელ გაჟღერდა სხვადასხვა ფორმატში, თუმცა, მისი განხორციელების მცდელობას რეალური შედეგი არასდროს გამოუღია. ქართველი პოლიტმეცნიერისა და დიპლომატის კვლევებსა და შრომებში ეს იდეები საფუძვლიანად არის დამუშავებული. ამჯერად, ეს იდეა გეოპოლიტიკური ინიციატივის სახით გაჟღერდა მსოფლიო დონის ლიდერისა და პოლიტიკოსის მიერ და ამან, შეიძლება, ხელი შეუწყოს ახალი სამშვიდობო სივრცის შექმნას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. როგორც პროფესორი ზურაბ ხონელიძე თავის წიგნში აღნიშნავს, საქართველო და მისი ამჟამინდელი პოზიცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მას მთავარი მოთამაშის როლი მიენიჭოს. კიდევ ერთი რამ: ქართული სიტყვის „სივრცე" შეგნებული პოლიტიზაცია და მისი გამოყენება სასარგებლო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზურაბ ხონელიძის გამოძერწილია და მისივე საკუთრებაში უნდა დარჩეს. მისი შესაბამისი გამოყენება კი მსოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს უნდა მივანდოთ.

ნუგზარ ბ. რუხაძე

 

ფოტო გალერეა