სიახლეები

რექტორ ზურაბ ხონელიძის მოხსენება მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

2023 წლის 22 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდ დარბაზში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ინიციატივით, თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წაიკითხა მოხსენება „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა როინ მეტრეველმა:

– კონფლიქტების საუნივერსიტეტო დიპლომატიით, მშვიდობიანი გზით, განათლებასთან შერწყმული დიპლომატიით დარეგულირების ახალი ხედვა, რომელსაც პროფესორი ზურაბ ხონელიძე წარმოგვიდგენს ჩვენი სახელმწიფოსათვის მეტად მნიშვნელოვან ნაშრომში „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, იწვევს არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო დიპლომატიური და უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების ინტერესს. ჩვენ მივესალმებით ქართულ პოლიტიკურ და საგანმანათლებლო სფეროში ბატონი ზურაბისეულ ხედვას და იმედი გვაქვს, რომ ფართო საზოგადოება ამ მოსაზრებას გაიზიარებს, – აღნიშნა აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა.

მოხსენებისას პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ხაზი გაუსვა ისეთ საჭირბოროტო საკითხებს, როგორიცაა ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი; ურთიერთობებზე, რომლის დარეგულირებაც მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი; უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ ნაბიჯებზე, რომელსაც ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მივყავართ. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი განათლებული ახალგაზრდების როლს და აღნიშნა, რომ სწორედ განათლებისა და დიპლომატიის შერწყმით „საუნივერსიტეტო დიპლომატიით“ შეიძლება ამ ორი მოძმე ერის ისევ მშვიდობიანი თანაცხოვრების კალაპოტში დაბრუნება და უპირველესი როლის შესრულება სწორედ ახალგაზრდებს ეკუთვნით:

– საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიზანმა, გამოკვეთა ჩვენი უპირველესი ამოცანა – ქვეყანა მიუბრუნდეს საკუთარი განვითარების შეწყვეტილ ტრაექტორიას. ამის მიღწევის საშუალებაა – თანამედროვე გლობალურ სამყაროში შევქმნათ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთო ღირებულებათა, ინტერესების დაბალანსებითა და დამატებით კეთილდღეობას მორგებული ისეთი რეგიონული – გლობალური პროექტი, რომლის რეალიზება აგვაცილებს მოსალოდნელ კატაკლიზმებს, დროს ჩვენდა სასიკეთოდ შემოაბრუნებს და ჩვენი ბედის გადაწყვეტის დარჩენილ დროში მხოლოდ მაყურებლის როლში არ აღმოვჩნდებით, – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხსენებელს არაერთი აქტუალური კითხვით მიმართეს, რაზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.

ბატონი ზურაბის ხედვამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ამ საკითხისადმი მიძღვნილი მისი მონოგრაფია უკვე ითარგმნა ბულგარულ და პოლონურ ენებზე, მოკლე ხანში მას გაეცნობა თურქი და იტალიელი მკითხველი. ამასთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს საუნივერსიტეტო დიპლომატიის საფუძველზე შექმნილი აკრედიტირებული სამაგისტრო პროგრამა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურნი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ლიტერატორები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, სტუდენტები.

ფოტო გალერეა