სიახლეები

რექტორ ზურაბ ხონელიძის წიგნი ყაზახურ ენაზე ითარგმნება

2023 წლის 28 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიიღო ცნობილი ყაზახი მეცნიერი, აკადემიკოსი, საერთაშორისო სოციალურ ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის  დირექტორი, პროფესორი სატარ მაჟიტოვი.

 

ს. მაჟიტოვის სტუმრობის მიზანი რექტორ ზურაბ ხონელიძის ინოვაციური იდეის – საუნივერსიტეტო დიპლომატიის – გაცნობა იყო. მისი თქმით, ამ საინტერესო ხედვის შესახებ ინფორმაციები მიიღო როგორც ყაზახი, ისე – ქართველი მეგობრებისაგან (პროფესორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც სტუმარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლდა, და სხვები) და ამიტომ გადაწყვიტა, უშუალოდ ავტორისგან მოესმინა კონცეფციის ძირითადი პოსტულატები.

 

რექტორმა ყაზახ მკვლევარს დეტალურად აუხსნა ამ იდეის წარმოშობის, განვითარების და ჩამოყალიბების გზები. ხაზი გაესვა „საუნივერსიტეტო დიპლომატიისადმი“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრების დაინტერესებას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში (აშშ, ისრაელი, თურქეთი, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, აზერბაიჯანი და სხვ.). აღინიშნა, რომ ამ იდეით შექმნილი წიგნი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უკვე არაერთ ევროპულ ენაზე და ეს პროცესი გრძელდება. სსუ რექტორის თქმით, ეს იდეა არ არის „ხონელიძის იდეა“, ეს არის საქართველოს იდეა და ასე ესმით მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და, რაც მთავარია, მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმიდესობა ბართოლომეოსს.

 

პროფესორმა ზ. ხონელიძემ ყაზახ სტუმარს წიგნი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ საჩუქრად მიართვა.

 

პროფესორი ს. მაჟიტოვი მოიხიბლა ამ იდეით და გამოთქვა სურვილი, რომ სსუ-ის რექტორის წიგნი ყაზახურ ენაზე ითარგმნოს. ის ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ პროცესს და ეს საინტერესო იდეა ყაზახი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

 

ვიზიტის ბოლოს, ს. მაჟიტოვმა მოინახულა აბაი კუნანბაიულიას სახელობის კაბინეტი, რომელიც საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გაიხსნა. საერთაშორისო სოციალურ ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი (ყაზახეთი) კაბინეტს ახალი წიგნებით მოამარაგებს.

 

ს. მაჟიტოვი ასევე შეხვდა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ირმა დიხამინჯიას და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს, პროფესორ კახი კოპალიანს.

 

აკადემიკოსი ს. მაჟიტოვი საქართველოში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფება. ის იკვლევს ყივჩაყთა ისტორიასა და ცნობილი ყაზახი მოღვაწის მუსტაფას ჩოკაის ცხოვრების პერიოდს საქართველოში 1918-1921 წლებში.

ფოტო გალერეა