სიახლეები

რექტორის საჯარო ლექცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

2023 წლის 13 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა“. აქვე გაიმართა ბატონი ზურაბის მონოგრაფიული ნაშრომის „მშვიდობის ქართული პარადიგმა” პრეზენტაცია.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაიკლ ქაუგილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბატონი ზურაბ ხონელიძე და აღნიშნა: -„პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან მე და აწ განსვენებულ გიორგი ჭანტურიას, ურთიერთობისა და მეგობრობის მრავალი წელი გვაკავშირებს. მისი მონოგრაფიული ნაშრომი ჯერ კიდევ არ იყო წიგნად გამოცემული, როცა ჩვენ ბატონი ზურაბის ხედვასა და აზრებს ვიზიარებდით და მხარს ვუჭერდით. საქართველომ უნდა იამაყოს, რომ ჰყავს ისეთი შვილი, როგორიცაა ბატონი ზურაბ ხონელიძე და მე ვამაყობ ჩემი მეგობრით, რომელიც თავის მონოგრაფიულ ნაშრომში ასე ნათლად წარმოაჩენს საქართველოს კონფლიქტიდან გამოყვანის გზას. ჩემი მეგობარი კი ჩემი ქვეყნის მეგობარია. დღეს, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და საერთაშორისო ორგანიზაციები, აქტიურად უჭერენ მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მისეულ ხედვას. მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ზურაბსა და მისი იდეების გამზიარებლებს.”

ღონისძიების ორგანიზატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა და „GAU”-ს მოწვეულმა პროფესორმა, გელა ცაავამ ისაუბრა ბატონი ზურაბის დიპლომატიური და პოლიტიკური  მოღვაწეობის, ელჩად ყოფნის პერიოდში მისი საქმიანობისა და დამსახურებების; მის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე განათლების მეცნიერებათა აკადემიაში და იმ სასიკეთო ცვლილებებზე, რომლებიც ამ რეფორმებს მოჰყვა.

ბატონი ზურაბის საჯარო ლექცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მან ისაუბრა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლზე, შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე, რომლებსაც ჩვენ სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს და რომელთა გამოყენებითაც ქვეყანას შუძლია შექმნას უკეთესი მომავალი. ბატონმა ზურაბმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტისა და დიპლომატიის კავშირზე. „აფხაზეთში შექმნილი კონფლიქტური მდგომარეობა, იმ დროს, უნივრსიტეტზეც აისახა. აფხაზეთის უნივერსიტეტი ქართველთა და აფხაზთა დაპირისპირების გამო, ორად გაიყო. ასევე ორად გაიყო აფხაზეთში არსებული ყველა ორგანიზაცია, სპორტული გუნდები და თეატრი. ორ მოძმე ერს შორის ათეულობით წლის კონფლიქტის  მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ისევ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უნდა დაიწყოს და ამ პროცესში სრულიად საქართველოს უნივერსიტეტების სინერგია უნდა მოხდეს. უნივერსიტეტის შესაძლებლობების: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის შენების სწორად შერჩეული მოდელისა და დიპლომატიის ერთიანობა ქმნის სწორედ „საუნივერსიტეტო დიპლომატის” წარმატების არსს.”

პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სახელით, საინტერესო ლექციისთვის მადლობა გადაუხადეს: პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორმა, ბაქარ ბერეკაშვილმა;  პოლიტოლოგმა მანანა ჯანჯღავამ და სტუდენტებმა, რომლებმაც შეხვედრის დასასრულს ბატონი ზურაბისგან საჩუქრად მისი წიგნები მიიღეს.

ფოტო გალერეა