სიახლეები

რექტორის საჯარო ონლაინ-ლექცია ბიდგოშის უნივერსიტეტისათვის

2020წ. 16 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ქ. ბიდგოშის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის (პოლონეთის რესპუბლიკა) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.  

სრულიად ახალი ფუნქციის მატარებელი ღირებულებითი ცნება – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ორიგინალური, თვისობრივად ახალი ფორმა – საზოგადოების ფართო მასების დაინტერესებას იწვევს.

სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე, „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ ლექციის ჩატარების ინიციატორი და ორგანიზატორი, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი, პოლონეთის, ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტი იყო.

საჯარო ლექციას ესწრებოდა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ამერიკანისტი  პროფესორი ნუგზარ რუხაძე.

ლექციაზე ბატონმა ზურაბმა ისაუბრა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო კონფლიქტებზე და უნივერსიტეტის მისიაზე, რომელიც სხვა შესაძლებლობებთან ერთად, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ცოდნაზე დაფუძნებული, დროის გამოწვევების შესაბამისი ხედვების ფორმირების მყარი საფუძველია. „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ დაკავშირებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიებთან, როგორიცაა „უნივერსიტეტი“ და „დიპლომატია“ და თავის არსში მოიცავს პრობლემათა გადაჭრისა და რეგულირების დღემდე ჯერ კიდევ გამოუყენებელ, აუმოქმედებელ, უნიკალურ შესაძლებლობებს. სწორედ უნივერსიტეტში იხსნება შესაძლებლობა მშვიდობიანი მოლაპარაკებები – დიპლომატია მაღალ მეცნიერულ დონეზე იქნას აყვანილი.

პოლონელი აუდიტორია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ თემით ძალზედ დაინტერესდა. მათ გამოხატეს აღტაცება ამ ახალი მიდგომითა და იდეით საერთაშორისო ურთიერთობებში. „ჩვენ ბევრი რამ მოგვცა ამ ლექციამ მთელი რიგი საკითხების ახლებურად გასააზრებლად და ახალი გზების დასანახავად“, – აღნიშნავდნენ პოლონური აუდიტორიის წარმომადგენლები.

ბიდგოშის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საუნივერსიტეტო დიპლომატიის სასწავლო კურსი, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში ოფიციალურ აკრედიტაციას მიიღებს, მათ უმაღლეს სასწავლებელშიც შემოიღონ. ამასთან ერთად, ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალი სასწავლო პროგრამის გაზიარება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ჩვენი პოლონელი პარტნიორები აპირებენ, მხარში დაუდგნენ სსუ-ს, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა დაინერგოს არა მარტო მათ სამშობლოში, არამედ – ევროკავშირში ამ იდეის პრაქტიკული ხასიათიდან და არაორდინალურობიდან გამომდინარე, რადგან ბიდგოშის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ახალი სისტემისა და სისტემური მიდგომის გზად ესახებად.

აღსანიშნავია, რომ ლექციის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა კავშირი მომხსენებელთან. ბატონი ზურაბის ელექტრონულ ფოსტაზე მოდის როგორც მადლიერების წერილები, ასევე ავტორები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს მოსმენილ ლექციასთან დაკავშირებით. გამოითქვა მოსაზრება, რომ ბატონი ზურაბის ამ სამეცნიერო-დიპლომატიურ იდეასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაც იქნას მოწვეული.

აუდიტორია მრავალფეროვანი იყო. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს უსმენდა არა მარტო პოლონური აუდიტორია, არამედ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გიორგი კურტანიძეც, რომელიც „ერაზმუსის“ საერთაშორისო-სასწავლო პროექტის გაცვლითი პროგრამით სასწავლო სემესტრს გადის ბიდგოშის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში. გიორგი, მიუხედავად კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიისა, მაინც დარჩა ბიდგოშში და მასპინძელმა უნივერსიტეტმა ყველანაირი მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინა ჩვენს სტუდენტს, რისთვისაც ჩვენს პოლონელ პარტნიორებს უღრმეს მადლობას ვუხდით.

ფოტო გალერეა