2026 წლის 23 მაისს, ინოვაციური
საგანმანათლებლო ინიციატივა „მოძრავი STEAM ლაბორატორია - AI სკოლაში მოდის“ ლეჩხუმის
რეგიონს ეწვია და მორიგი გასვლითი ღონისძიება ცაგერის №1 საჯარო სკოლაში გამართა.
პროექტი ხორციელდება ევროპის
საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი
ინიციატივის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ - ფარგლებში და ეფუძნება სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორ თეა ჯუღელისა და სსიპ წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის
№3 საჯარო სკოლის დირექტორ თეიმურაზ ჭაბუკიანს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს,
რომელიც უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორულ ურთიერთობას განსაზღვრავს.
ინიციატივის მთავარი მიზანია
რეგიონულ სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და
STEAM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების
გაძლიერება და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვა. პროექტის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულებაა „თანატოლთა შორის სწავლების“ (peer-to-peer learning) მოდელი,
რომლის ფარგლებშიც გადამზადებული უფროსკლასელები თავად ასრულებენ „მოსწავლე-ტრენერების“
როლს და საკუთარ ცოდნას რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უზიარებენ.
ცაგერის №1 საჯარო სკოლაში
გამართული გასვლითი სესიის ფარგლებში მოეწყო მობილური STEAM ლაბორატორია, სადაც ადგილობრივი
მოსწავლეები ინტერაქტიულ ფორმატში გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებსა და მისი
გამოყენების პრაქტიკულ მიდგომებს, თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებსა და ინოვაციურ
საგანმანათლებლო პლატფორმებს, ასევე პროექტზე დაფუძნებული და კვლევითი სწავლების პრინციპებს.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმო სკოლაში STEAM კლუბის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიღებული ცოდნის
მდგრადობასა და სკოლის შიდა საგანმანათლებლო სივრცეში გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.
პროექტი ეფუძნება უნივერსიტეტსა
და სკოლას შორის თანამშრომლობის მოდელს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს
სასწავლო პროგრამებისა და მოდულების შემუშავებას, ტრენინგებისა და მენტორობის პროცესს
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით, ხოლო ქუთაისის №3 საჯარო სკოლა,
თავის მოსწავლეებთან ერთად, უზრუნველყოფს „მოსწავლე-ტრენერების“ ქსელის ფუნქციონირებას,
რეგიონულ სკოლებში ტრენინგების ჩატარებასა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის
გავრცელებას.
„მოძრავი STEAM ლაბორატორია
- AI სკოლაში მოდის“ მომავალშიც გეგმავს გასვლითი სასწავლო სესიების ჩატარებას საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის გურიისა და იმერეთის სკოლებში.
პროექტის ხელმძღვანელები
არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის,
ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის მიმართულების პროფესორი ნანა
გულუა და ამავე ფაკულტეტის ინფორმატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სსიპ
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა
ფუტკარაძე.
