სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „აფხაზეთი საქართველოა“

2021 წლის 11 აპრილს გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევების კავკასიის საერთაშორისო ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „აფხაზეთი საქართველოა“.

 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: პროფესორი ზურაბ ხონელიძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; ასოცირებული პროფესორი გურამ მარხულია – გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევების კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აითენ მუსტაფაევა – აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი; ნამიკ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა და საგარეო პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ტატიანა პოლოსკოვა – პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სამმართველოს ყოფილი უფროსი; პოლიტოლოგი აბრაჰამ შმულევიჩი (ისრაელი); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლეგ კუზნეცოვი (რუსეთი); პოლიტოლოგი არაზ გურბანოვი (აზერბაიჯანი); საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი არიე გუტი (ისრაელი); კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ კუპჩიკი (უკრაინა); კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორები ოლეგ მაშევსკი და მაკარ ტარანი (უკრაინა); ომბუდსმენი აურელია გრიგორიუ (მოლდოვა); საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი; პროფესორი ზურაბ პაპასქირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჯემალ გამახარია – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: ლია ახალაძე, ომარ არდაშელია, ნოდარ ბერულავა, ელგუჯა ქავთარაძე, კახა კვაშილავა, კახაბერ ფიფია; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს და მათ გააცნო მის მიერ შემუშავებული საუნივერსიტეტო დიპლომატიის – როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის – იდეა, რომელმაც უცხოელ მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და შავი ზღვა-კავკასიის რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. კონფერენციის რუსი მონაწილეები გაემიჯნნენ მათი ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკას როგორც საქართველოს, ისე – უკრაინის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამგვარი დამოკიდებულება, პირველ რიგში, მათ სახელმწიფოს აზარალებს, რომელიც საქართველოსა და უკრაინის სახით მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებს კარგავს.

ფოტო გალერეა