სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უნივერსიტეტების ახალი მისია“

2023 წლის 29 აპრილს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიდგოშის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით, ონლაინ-ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „უნივერსიტეტების ახალი მისია“.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე. მან ისაუბრა მიმდინარე კონფერენციის აქტუალურ პრაქტიკულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე და აღნიშნა:

 

„ჩვენ უარს არ ვამბობთ უნივერსიტეტების ტრადიციულ აღქმასა და მნიშვნელობაზე, მაგრამ შევნიშნავთ, რომ თანამედროვეობის მწვავე გამოწვევები და პრობლემები დღის წესრიგში აყენებს უნივერსიტეტების მისიის ახლებურ გააზრებას. ამ იდეის, ისევე, როგორც დღევანდელი კონფერენციის ჩატარების ინიციატორი გახლავთ ჩვენი აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. ეს წიგნი მკითხველს არა ერთ საკითხზე დააფიქრებს და დასმული პრობლემების გადაჭრის განსჯისაკენ უბიძგებს. ამჟამად ბატონი ზურაბი პოლონეთში იმყოფება, სადაც იმართება მისი ნაშრომის პოლონურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. ჩვენ საგანგებოდ შევარჩიეთ კონფერენციის ჩატარების დრო და ის ამ მნიშვნელოვან ვიზიტს დავამთხვიეთ. ბატონი ზურაბის ნაშრომის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და მის მიმართ ესოდენ მაღალი ყურადღება დასტურია წიგნის უდიდესი სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობისა. ავტორმა საქართველოს და მსოფლიო თანამეგობრობას უჩვენა, რომ მიმდინარე პროცესებისადმი სტუდენტ-ახალგაზრდობა და უნივერსიტეტები მუდამ თანამედროვენი უნდა იყვნენ. აქედან გამომდინარე კი დგება მშვიდობის უზრუნველყოფის პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა გვთავაზობს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბს, რომელმაც გამონახა დრო, რათა პოლონეთიდან შემოგვიერთდეს, მოგვესალმოს, თავისი იდეაც მოკლედ გაგვაცნოს და მუდამ დროის თანამედროვე იყოს, მუდამ შეძლოს საზოგადოების ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი“, – თქვა ქალბატონმა ნათელა ვასაძემ.

 

კონფერენციის მონაწილეებს ბიდგოშის უნივერსიტეტში ვიზიტით მყოფი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმა:

 

„ჩემს ღრმა პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე ქალბატონ ნათელა ვასაძეს, რომელიც ყველას დიდ იმედსა და სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ უფრო მეტად გავისარჯოთ, უფრო მეტად დავიხარჯოთ საქართველოსათვის. სულ მალე აქ მნიშვნელოვანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ესწრება 150 პროფესორი და პოლონეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლები. მათ წინაშე უნდა წარვადგინო პოლონეთში, პოლონურ ენაზე გამოცემული ჩემი წიგნი. როგორც მითხრეს, აუდიტორიის მხრიდან დიდი დაინტერესებაა. მინდა აღვნიშნო, რომ ბიდგოშის უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეგობრებმა ძალიან დატვირთული პროგრამა შეგვიდგინეს. მუდმივი შეხვედრები გვაქვს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც, ერთი მხრივ, დაინტერესებული არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ქართველ კოლეგებთან კონტაქტების გაღრმავება-გააქტიურებით, ასევე გამოხატავენ დიდ დაინტერესებას ჩვენს მიერ წარმოდგენილი ქართული იდეისადმი. ეს „ხონელიძის იდეა“ არაა, ეს საქართველოსია და მეც სწორედ ასე წარმოვადგენ მას. მან ახალი დატვირთვა და დაინტერესება უნდა მისცეს ჩვენს სახელმწიფოს. ძალიან მალე ამ წიგნის იტალიურ და თურქულენოვან გამოცემებსაც ვიხილავთ“, – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და საუნივერსიტეტო იდეის, უნივერსიტეტების ახალი მისიების შესახებ ისაუბრეს ბიდგოშისა და ყაზახეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა და წარმოდგენილი იქნა 31 აქტუალური მოხსენება ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიერ.

 

სამეცნიერო ფორუმს უძღვებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

ფოტო გალერეა