სიახლეები

საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

2021 წლის 18 აგვისტოს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ანა კასრაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და აღნიშნა, რომ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების სწორად ინფორმირებულობის აუცილებლობას.

სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. უსაფრთხო უნივერსიტეტების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი კი, ვაქცინაციის პროცესში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართვაა,აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

ქალბატონმა ანა კასრაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს, უპასუხა აქტუალურ კითხვებს. მისი განმარტებით, სრულად აცრილად ითვლება პირი, რომელსაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა და მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღეა გასული. კორონა-ვირუსით დაავადების შემთხვევაში, თუნდაც იმ დროს, როცა პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებაც აქვს, მინიმალურია ვირუსის რთულად გადატანის რისკი. სრულად აცრილებს შორის კი  ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა.

მან ისაუბრა აგრეთვე ასაკობრივ ზრვარზე სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდგომ გვერდით მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ყველა ვაქცინა, რომლითაც  საქართველოს მოსახლეობა იცრება, აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ჩაიტარა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ რვა პროცენტმა, რომელთა უმრავლესობა ქალია.

ბუნებრივია, აქტუალური იყო სწავლის აუდიტორიებში განახლების საკითხი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, საკითხი შეიძლება დადებითად გადაიჭრას, თუ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა 80 პროცენტი მაინც იქნება აცრილი. ამასთანავე, მან განმარტა, რომ საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

აქვე, სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების კვლევით ცენტრში,  შემუშავდა და ამოქმედდა უნიკალური საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამა: „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“.  მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დღეს, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მძვინვარებს კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის პანდემია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისადა ბიოტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი სრული დატვირთვით შეძლებს ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე ლაბორატორიულ კვლევებში. 

ფოტო გალერეა