სიახლეები

საინტერესო ლექცია ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე

„– რავა ვერ ხვდებით, ისრაელებო, რაც გვჭირს! აქ ვართ და იქაურობა არ გვაძლევს მოსვენებას, იქ გვინდა, ისრაელში, იქით მიგვიწევს გული, ჩვენი მამა-პაპის მიწაზე... წავალთ და... რა გგონიათ თქვენ, აქაურობა  მოგვასვენებს? ამ ქვეყანას, ხალხს, მეზობლებს, ამხანაგებს ასე იოლად დავივიწყებთ?

...

ყველა გრძნობდა, რომ იმ საღამოს შალიკო „ტენტიანმა“ მართალი თქვა: აქ იქაურობა არ გვაძლებს მოსვენებას, იქ ჩავალთ და აქაურობა აგვიფორიაქებსო სულს. ეს სატკივარი ყველამ იგრძნო“, – ვკითხულობთ ცნობილი ქართველი და ებრაელი მწერლის, ბატონ გურამ ბათიაშვილის რომანში „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!“ (თბილისი, 1991, გვ. 382).

 საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასობრივი ემიგრაცია („ალია“) ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში – საბჭოთა საქართველოში მცხოვრებ კულაშელ ქართველ ებრაელთა 18 ოჯახს დაიწყო. მალე მას საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები იუდეველები მიჰყვნენ. მათ შორის იყო ამჟამად ისრაელში მცხოვრები და მოღვაწე სოხუმელი ებრაელი, ქ. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლის კურსდამთავრებული, პროფესორი იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი), რომელმაც 2021 წლის 15 ივლისს სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის თანამშრომლების, პროფესურისა და სტუდენტებისათვის წაიკითხა ონლაინ-საჯარო ლექციას თემაზე: „სოხუმელი ებრაელები: ცხოვრება ისრაელში“.

 მომხსენებელი სხვადასხვა საინტერესო და ამაღელვებელ ეპიზოდებს შეეხო სოხუმში ებრაელთა ცხოვრებიდან, ისაუბრა მათ რთულ, მაგრამ წარმატებულ ინტეგრაციაზე ისრაელში. ბატონმა იაკობმა გაიხსენა 1995 წლის ვიზიტი სოხუმში, როცა ოკუპირებული ქალაქიდან იქ დარჩენილი ქართველი ებრაელები ისტორიულ სამშობლოში უნდა წაეყვანა.

 ძირითადი თემის გარდა, აუდიტორიის მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე, საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო.

 ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და დაიგეგმა ახალი შეხვედრები კონკრეტულ თემატურ პრობლემებთან დაკავშირებით.

 ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

ფოტო გალერეა