სიახლეები

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე სტუდენტთა მეორე  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა -  “ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები”

    სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე 13 და 14 დეკემბერს, 8 ქვეყნის 11 უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 75- წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

 

    კონფერენცია გახსნა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრმა  ანა სამაკაშვილმა, მან ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე. შემდგომ სიტყვა გადასცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს. რექტორი მიესალმა სტუდენტებს, მან ხაზი გაუსვა სსუ-ს სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის  ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაში ქართველი და უცხოელი სტუდენტების მიერ  ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომზადებული მოხსენებების მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს.

 

    კონფერენციის მონაწილეებს  ასევე მიესალმა სამართლისა და  დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია. მან ისაუბრა ფაკულტეტის სტუდენტების საერთაშორისო პროექტებში აქტიურ ჩართულობაზე და საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე. დეკანმა აღნიშნა, რომ სსუ დევნილია საკუთარ სამშობლოში, რაც გამოწვეულია გენოციდისა და  ადამიანის უფლებათა დარღვევის  გამო, შესაბამისად სიმბოლურია ამ კონფერენციის ჩატარება ჩვენს უნივერსიტეტში. მისალმების დასასრულს კი მან სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

 

    აღნიშნული კონფერენცია მიმდინარე წლის მარტში დაიგეგმა, საორგანიზაციო ჯგუფში  სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად გაერთიანდნენ  ლუბლიანასა  და  ტოკიოს უნივერსიტეტის სტუდენტები. საორგანიზაციო ჯგუფის აქტიური ჩართულობით მომზადდა კონფერენციის პროგრამა და ანოტაციები, რომელშიც მოცემული იყო ძირითადი დებულებები.

 

    კონფერენცია წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე. ორი დღის განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობდა სამ სექციაში:  

1.  გენოციდის დანაშაულის პრევენცია და დასჯა;

2. ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალში და სახელმწიფოთა კანონმდებლობაში;

3. ჰოლოკოსტის, გენოციდის და ადამიანის უფლებათა დაცვის ასპექტები.

    აღნიშნულ სექციებს მოდერაციას უწევდნენ სამართლის მაგისტრი ანა სამაკაშვილი და დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრანტი  მარიამ ბრეგვაძე.

 

    კონფერენციის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნა საინტერესო მოხსენებები. თითოეული სექციის დასრულების შემდეგ წარიმართა დისკუსია. სასამართლო პრაქტიკისა და სამეცნიერო დოქტრინაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ იქნა მოსაზრებები და თანამედროვე ხედვები.

 

    ფაკულტეტი გეგმავს სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნებას კრებულში. კონფერენციის აქტიურ მონაწილეებს  გადაეცემათ სერტიფიკატები.


    უცხოელმა სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს, დეკანს, კონფერენციის სხვა ორგანიზატორებს და გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ფაკულტეტის მიერ სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით დაგეგმილ კონფერენციებში.

ფოტო გალერეა