სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ აკადემიური კონფერენცია

2021 წლის 26 მაისს, 10 საათზე,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ  საქართველოს დამოუ­კი­დე­ბლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერ­თა­შო­რისო აკადემიური კონფერენცია გახსნა. კონფერენციის მომხს­ე­ნე­ბლებს, სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას,  რექტორმა  ქვეყნის მთავარი დღესასწაული მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა იმ ადამიანების წვლილი, ვინც საკუთარი თავდადებით შეძლო სახელმწიფოებრიობის აღდგენა. კონფერენციას მიესალმნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნინო თოფურიძე, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფ. მუსა გასიმლი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. დავით ჯალაღონია, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯია, საერ­თა­შო­რი­სო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი  კავშირების სამსახურის  უფროსი, ასოც. პროფ. ინდირა ძაგანია. თითოეულმა მათგანმა ემოციურად გაიხსენა 30 წლის წინათ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ისაუბრეს  საქართველოს სახელმწიფოს 30 წლიან ისტორიაზე, პრობლემებსა და  წინააღმდეგობებით სავსე  საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, საკითხებზე, რომელიც დღემდე  გადაუჭრელია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

კონფერენცია გაიმართა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის,  ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: რონდელის ფონდის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  კავკასიის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავკასიოლოგიის ინსტიტიტის, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინგუშეთის ნაციონალური უნივერსიტეტის, ტაშკენტის ისტორიის ინსტიტუტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

მუშაობდა ორი თემატური სექცია: საქართველო და  საერთაშორისო თანამეგობრობა და  საქართველოს  საშინაო პოლიტიკის საკითხები. პლენარულ და ორ სამუშაო სექციაში  წარმოდგენილი იქნა  24 მოხსენება. დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეჯამდა კონფერენციის მუშაობა.  სექციების მოდერატორებმა, მომხსენებლებმა, დამსწრე აკად­ემ­ი­ურმა პერსონალმა და სტუდენტებმა  ისაუბრეს  მოხსენებათა აქტუ­ა­ლო­ბის, მაღალი აკადემიური დონის,  კვლევების ვალიდურობისა და სანდოობის შესახებ. წარმოდგენილი იყო ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქტუ­ა­ლური საკითხები: საგარეო და საშინაო პოლიტიკის, უსაფრთხოების, პიარ-ტექნოლოგიების, განათლების, მიგ­რა­ციის, დემოგრაფიისა და სხვა საკითხები. მაღალი შეფასება მიეცა მომხსნებელთა რეკომენდაციებს. დაიგეგმა კონფე­რე­ნ­ციის მოხსენებათა კრებულის პუბლიკაცია.


კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

ფოტო გალერეა