სიახლეები

საქართველოს ევროპული პერსპექტივა: როგორ უყურებს ევროკავშირი საკუთარ გაფართოებას

2023 წლის 22 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნგრეთის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრის Mathias Corvinus Collegium (MCC)-ს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი როდრიგო ბალესტერ ესკივიასი და MCC-ს სტუდენტები ეწვივნენ.

 

დელეგაცია მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სსუ-სა და ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებს შორის მჭიდრო კავშირს, რომელიც განმტკიცებულია როგორც ევროკავშირთან უშუალო პირდაპირი ურთიერთობებით (რექტორ ზ. ხონელიძის მოხსენება და წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია ბრიუსელში, ევროპარლამენტში) და, ასევე, სხვადასხვა მემორანდუმითა და ევროკავშირის საგანმანათლებლო საგრანტო პროექტებში მონაწილეობით.

 

ამჟამად სსუ-ში მუშავდება Erasmus+-ის რამდენიმე პროექტი. მათ შორის ერთ-ერთია ჟან მონეს მოდული „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (მენეჯერი - პროფესორი ლარისა თაკალანძე). ამ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში მოეწყო „ჟან მონეს აუდიტორია“, რომელიც ოფიციალურად გახსნეს რექტორმა ზ. ხონელიძემ და ბატონმა რ. ბალესტერ ესკივიასმა.

 

შეხვედრა გაგრძელდა სტუმრის საჯარო ლექციით თემაზე „საქართველოს ევროპული პერსპექტივა: როგორ უყურებს ევროკავშირი საკუთარ გაფართოებას?“. ლექციის დასაწყისში რექტორმა ისაუბრა ევროკავშირთან მიმართებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე. თავის სიტყვაში მან, ასევე,  მოკლედ მიმოიხილა ქართულ-ევროპულ ურთიერთობათა ისტორია და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილს ევროპულ-ქრისტიანული ფასეულობების ფორმირების პროცესში.

 

– საქართველოს დაბრუნება ევროპულ წიაღში არის არა მხოლოდ საქართველოს უმთავრესი მიზანი და ინტერესი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს საკუთრივ ევროგაერთიანების უმთავრესი მიზანი და ინტერესიც. ევროპა სრულყოფილი არაა საქართველოს გარეშე ისევე, როგორც საქართველო ვერ იქნება ევროპის გარეშე, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

რ. ბალესტერ ესკივიასმა მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი მასპინძლობისათვის.

 

მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირის უმთავრეს ღირებულებათა პრინციპებსა და მათ საფუძველზე გაფართოებათა ისტორიაზე. აღნიშნა ის თავისებურებები, რომლებიც ინტეგრაციათა პროცესებს ახასიათებდა ყოველ სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა რუსეთთან ურთიერთობების სირთულეს და მის გავლენას საქართველო-ევროკავშირის კონტაქტებზე, თუმცა, თქვენი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ყველანაირად მზადაა ამ დიდ ევროპულ ინსტიტუციაში სრული წევრობისათვის, – განაცხადა MCC-ს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

შეხვედრის ბოლოს ბატონმა რ. ბალესტერ ესკივიასმა სსუ-ს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის კითხვებს უპასუხა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიესალმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენი უნივერსიტეტი ევროპულ ღირებულებათა ერთგულია. აქ აქტიურად ინერგება თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო მეთოდები და სისტემები. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია იმის შენიშვნაც, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ევროპარლამენტში იქნა მიწვეული, სადაც პოლიტიკოსებმა უშუალოდ რექტორ ზ. ხონელიძისაგან მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო ურთიერთობების ახალი, უნიკალური მიმდინარეობის – საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ, რაც ახალ ხედვას წარმოადგენს მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით. ამის საფუძველზე იქვე დაიგეგმა თანამშრომლობის ახალი პროექტები, რომელთა განხორციელება მალე დაიწყება. 

ფოტო გალერეა