სიახლეები

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია

2020 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიამ,    მისი საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია – „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ – გამართა.

ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო ფორუმში, რომლის ორგანიზატორები განათლების მეცნიერებათა აკადემია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ, მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ყაზახეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

პლენარული სხდომა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

ბატონმა ზურაბმა ქალბატონ ნათელა ვასაძეს მიულოცა იუბილე და აღნიშნა: „ქალბატონი ნათელა ვასაძის პიროვნებაში ბუნებრივად არის შერწყმული ერთი მხრივ ხელმძღვანელის პრინციპულობა, მეორე მხრივ – კოლეგიალური გულისხმიერება, ადამიანური სითბო და თანადგომა. ქალბატონი ნათელა თავისი იერით, კდემამოსილებით, მაღალი ზნეობით, გონიერებით, განსაკუთრებული ორატორული ნიჭით, ჭეშმარიტად ამშვენებს თანამედროვე საქართველოს. მის ნამოღვაწარს ბევრ ვაჟკაცთან შერკინება შეუძლია. ქალბატონი ნათელა, როგორც შვილი, მეუღლე, ოჯახის დედაბოძი, ტკბილი ბებია, მოღვაწე და მეცნიერი – ქალურობის, კეთილშობილებისა და გონიერების განსახიერება – ქართველ ქალთა ეტალონად მიგვაჩნია“.

მონაწილეებს მიესალმა და ქალბატონ ნათელა ვასაძეს იუბილე მიულოცა, საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე,  პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, უცხოელი კოლეგები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მათ ღვაწლმოსილ მეცნიერს დიდი სიყვარულით მიულოცეს იუბილე, სსუ-ის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ოთარ ჟორდანია, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქალბატონ ნათელას სამეცნიერო და საზოგადოებრივ ღვაწლზე.

აღსანიშნავია, რომ, ამასთანავე, წელს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან, 25 წელი შესრულდა.

აკადემიკოსმა ნათელა ვასაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა განათლების მეცნიერებათა აკადემიის დაარსების პერიპეტიებზე, იმ სამუშაოებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ამ მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩაუტარებია აკადემიას.

დასასრულს, ქალბატონმა ნათელამ, მონაწილეებს მადლობა გადაუხადა კონფერენციისთვის ჩატარებული სამუშაოებისთვის და აგრეთვე, ულამაზესი თაიგულისთვის, რომელიც იუბილესთან დაკავშირებით,  მას განათლების მეცნიერებათა აკადემიის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ გაუგზავნა.

 

ფოტო გალერეა