სიახლეები

საზაფხულო სკოლა 2025  “ევროკავშირი, მშვიდობა და საქართველო“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 2 ივნისს გაიხსნა  საზაფხულო  სკოლა “ევროკავშირი, მშვიდობა და საქართველო” ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ERASMUS+პროგრამის მიერ  (ERASMUS-JMO-2024-HEI-TCH-RSCH–EUPEACE, project N101175481). საზაფხულო  სკოლა 2025 გახსნა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ; ღონისძიებას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე დასამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას ევროკავშირის შესახებ, ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის სამშვიდობო მისია, ევროკავ­შირის კონფლიქტის მენეჯმენტი და მედიაცია საქართველოში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, უმაღლესი განათლების გავლენა მშვიდობის მშენებლობაზე და კონფლიქტის მოგვარებაზე,  უსაფ­რთხოებისა  და კონფლიქტის მოგვარების საკითხები  საქართველოში და სხვ. 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები; იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. მონაწილეებისთვის მოწვეული იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები (იხ. პროგრამა). საზაფხულო სკოლისთვის შეირჩა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს. 

საზაფხულო  სკოლა 2025, რომელიც მოიცავდა 32 სალექციო საათს (მ.შ. 2 სთ. ონლაინ და 30 სთ. ადგილზე დასწრებით), 8 დღის მანძილზე გაგრძელდა და 2025 წლის 11 ივნისს დაიხურა.

საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა 134 საბაკალავრო და 16 სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; მათ შორის 17 სტუდენტი (მონაწილეთა 11,3%) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან, 76 სტუდენტი (მონაწილეთა 50,7%)  ბიზნესის ადმინისტრირების  პროგრამის,  35 სტუდენტი (მონაწილეთა 23,3%) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 12 სტუდენტი (მონაწილეთა 8%) - სამართლისა და დიპლომატიის, 10 სტუდენტი (მონაწილეთა 6,7%) - განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან; მონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 20.7% (31 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.

        სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე. დაჯილდოების წინ, რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირის როლზე დასამშვიდობო განათლების ცენტრის საქმიანობაზე. დასასრულს რექტორმა,  პროექტის კოორდინატორმა და სპიკერმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდებს სწავლაში და სამომავლო საქმიანობაში.

 ღონისძიების დახურვისას მონაწილე სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააჟღერეს.

        იხ. პრეზენტაციები:

        ლარისა თაკალანძე

        ეკა ქარდავა

        გურანდა ჭელიძე

        კონსტანტინე ვეკუა

        ზარინა ბურკაძე

ფოტო გალერეა