სიახლეები


17 აპრილს, სოციოლოგთა კლუბის ფარგლებში გაიმართა აკადემიური შეხვედრა თემაზე - „ენა როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენი“. შეხვედრას უძღვებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო ვახანია.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე ენობრივ სივრცეში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის: ბარბარიზმების გავრცელება, სალიტერატურო ნორმების დაცვის მნიშვნელობა, ჟარგონის ინტენსიური გამოყენება და მათი გავლენა ენობრივ კულტურაზე.

პროფესორმა ნინო ვახანიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ენა მუდმივად იცვლება, თუმცა ეს პროცესი ყოველთვის არ ნიშნავს მის გამდიდრებას. განსაკუთრებით აღინიშნა ბარბარიზმების ჭარბი და არამიზნობრივი გამოყენების პრობლემა, რაც ხშირად ქართულ ენაში არსებული სიტყვების ჩანაცვლებას იწვევს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჟარგონის როლსა და გავლენაზე ყოველდღიურ კომუნიკაციაში. აღინიშნა, რომ ჟარგონი განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ახალგაზრდულ სივრცეში, თუმცა მისი უკონტროლო გავრცელება შესაძლოა სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევის მიზეზი გახდეს.

პროფესორმა ნინო ვახანიამ ისაუბრა სალიტერატურო ენის მნიშვნელობაზე, როგორც კულტურული იდენტობისა და ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველზე. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ილია ჭავჭავაძის ხედვა ენის დაცვის აუცილებლობის შესახებ და ხაზი გაუსვა ქართული ენის გააზრებული, პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე რეალობაში.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და იმსჯელეს იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული ენის დაცვას, განვითარებასა და ენობრივი კულტურის გაძლიერებას.

შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დაცვა და განვითარება საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა.

ფოტო გალერეა