სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტთან შემოერთებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით ჯალაღონია, რექტორის მოადგილე, რომეო გალდავა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დევი შონია, უნივერსიტეტის სამსახურებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე ახალი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
რექტორმა მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები და ის საკითხები, რომლებიც ახალი პროგრამების უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი, რომელმაც ისაუბრა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობებსა და იმ მიმართულებებზე, სადაც უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის პარტნიორობის გაძლიერება შეიძლება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფრანკოფონული უნივერსიტეტების სააგენტოს (AUF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ღარიბაშვილი, რომელმაც ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის AUF-ში გაწევრიანების პროცესის წარმატებით მიმდინარეობის შესახებ.
პროგრამების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე, დასვეს კითხვები და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის, სასწავლო პროცესისა და სამუშაო კოორდინაციის საკითხები.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალი პროგრამების ხელმძღვანელებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ სტრუქტურებს შორის უშუალო კომუნიკაციის ჩამოყალიბება და შემდგომი თანამშრომლობისთვის საერთო ხედვის შექმნა.
