news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩერქეზული დროშის დღე აღინიშნა

2023 წლის 25 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩერქეზული დროშის დღესთან დაკავშირებით, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრთან ერთად, საზეიმო ღონისძიება მოეწყო.

 

ღონისძიება გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა ქართულ-კავკასიური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ, ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ როლს ამ კონტაქტებში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 3 ოქტომბერს ინგუში სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე ისა ქაძოევი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს.

 

ბატონი ზურაბმა მაღალი შეფასება მისცა ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუას დამსახურებას საქართველოში კავკასიური იდეის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.

 

პროფესორმა მ. ჩუხუამ მადლობა გადაუხადა ქართულ სივრცეში უნიკალურ და ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე უმაღლეს სასწავლებელს – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის რექტორს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნით ჩერქეზთა მხარდაჭერისათვის. მისი თქმით, რექტორ ზ. ხონელიძის  მიერ ინიციირებული უნიკალური იდეა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ის გზაა, რომელიც ახალ ასპარეზს უხსნის საქართველო-კავკასიის ურთიერთობებს. მ. ჩუხუამ აღნიშნა, რომ კავკასიასთან ურთიერთობების საკითხი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისათვის უცხო ნამდვილად არაა და ის ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, ეროვნული მოძრაობიდან ჩართული იყო საერთოკავკასიური იდეის განვითარების პროცესში.

 

სიტყვით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – მერაბ ნაჭყებია, თეიმურაზ გვანცელაძე, ზურაბ პაპასქირი; კავკასიური სახლის თანამშრომელი, პროფესორი თამარ უჯუხუ; სამშვიდობო განათლების ცენტრის თანამშრომელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალხაზ კაკაბაძე. გამომსვლელთაგან ხაზი გაესვა ქართულ-კავკასიური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების და ამ მიზნით საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეის გამოყენების აუცილებლობას.

 

უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ჩერქეზული ეროვნული დროშების გამოფენა. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისში მცხოვრები ეთნიკური ჩერქეზები, ხოლო კავკასიოლოგმა მკვლევრებმა – ლარისა ტუფცოკოვამ და მარიამ ბეჟიტაშვილმა კი ამ დროშისა და მასთან დაკავშირებული ეროვნული დღესასწაულის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს.

 

დასარულს სსუ-სა და უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენს ინსტიტუციებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ისტორია რამდენიმე წელს ითვლის და საჯარო ლექციების, ლიტერატურული ფესტივალის, სამეცნიერო-კვლევითი გამოცემების წარდგინებასა და საერთოკავკასიური პრობლემატიკის პოპულარიზაციას გულისხმობს. აღნიშნული მემორანდუმით ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც გამოიხატება ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვითა და განხორციელებით, რომლებიც მიმართული იქნება ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ, ღრმა ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობათა შემდგომი განვითარების ხაზგასმით. ამ მხრივ უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები და მალე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგება ჩერქეზული ენის სასწავლო კურსი და გაიმართება პირველი ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

Photo gallery