სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2024 წლის 16 და 21 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა" (ჟან მონეს მოდულის  „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის" ფარგლებში). აქვე აღვნიშნავთ, რომ ღონისძიება დაგეგმილი იყო 16-17 მაისს, თუმცა, 17 მაისის  საქ. მთავრობის დადგენილებით უქმე დღედ გამოცხადების გამო, კონფერენცია ჩატარდა 16 და 21 მაისს. კონფერენცია მიეძღვნა სოხუმში  უმაღლესი  სასწავლებლის დაარსების  92 წლის იუბილეს. კონფერენცია გახსნა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიასალმნენ: - ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; სოლომონ პავლიაშვილი, საქ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; როდრიგო ბალესტერ ესკივიასი, მათიას კორვინუს კოლეგიუმის (Mathias Corvinus Collegium)  ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, უნგრეთის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრი; მარიამ სულაშვილი, ERASMUS+ ეროვნული ოფისის დირექტორი. კონფერენციის მონაწილეებს გულითადად მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორები ანზორ აბრალავა და ევგენი ბარათაშვილი.

ჟან მონეს მოდულის  პროექტის თანახმად, კონფერენცია გათვალისწინებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-მკვლევარების, აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და სტეიკჰოლდერებისთვის; თუმცა, მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასში ჩაერთვნენ უცხოელი (უკრაინელი, ლიტველი, აზერბაიჯანელი) აკადემიური პერსონალი და მეცნიერ-მკვლევარები. ნიშანდობლივია ისიც, რომ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ უსდ- აკადემიური პერსონალი და მკვლევარები, არამედ ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, ახალგაზრდა ბიზნესმენები, ექსპერტები და საზოგადოების ფართო წრის  წარმომადგენლები. პლენარულ სესიაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

-         ზურაბ ხონელიძე, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - საქართველოს ევროპული არჩევანი;

-         ვოლოდიმირ დუბოვიკი, ოდესის მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (აშშ- ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის პირობებში: რა დასკვნას ვაკეთებთ?

(საკითხის აქტუალობის გამო ბატონი ვოლოდიმირი მოწვეულ იქნა საპატიო სპიკერის სტატუსით);

-         არჩილ ყარაულაშვილი, საქ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტები;

-         ლელა ხოფერია, CSR ექსპერტი, საქ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი   კორპორაციული პასუხისმგებლობა ევროკავშირსა და საქართველოში - საჯარო პოლიტიკის როლი და ახალი გამოწვევები  ევროინტეგრაციის კონტექსტში;

-         მედეა ინაშვილი, კლიმატის ცვლილების ექსპერტი, გაეროს კლიმატის ცვლილების  ჩარჩო კონვენციის წამყვანი ექსპერტ-რევიუერი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია: კლიმატის ცვლილების განზომილება;

-         მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის  CSR  მენეჯერი - თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;

-         ზურაბ დევდარიანი, არემჯის (RMG) CSR მენეჯერი - არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;

სესიის დასასრულს ნამიკ ისაზადე (ბიზნესის ადმინისტრიტრების დოქტორი, კვლევის, განათლებისა და ტრენინგის საერთაშორისო ცენტრის უფროსი, ტალინი, ესტონეთი) დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით სამეცნიერო  ჟურნალების და ნაშრომების ინდექსაცია მონაცემთა ბაზაში.

        კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, სულხან - საბა ორბელიანის  უნივერსიტეტის, ლიეტუვას, უკრაინის და აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლების,  პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის (თსუ), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (თსუ), ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის (სტუ), შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, და სხვ. აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები და ექსპერტები.

კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში; 

წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული ელექტრონული სახით განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://www.sou.edu.ge/content/7/78/218/120/0

პრეზენტაციები














ფოტო გალერეა