სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ეს დღე ტრადიციულად აღინიშნება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც მოქმედებს აფხაზური ფილოლოგიის მიმართულება. გუშინ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიხსნა აფხაზური ენის უდიდესი სპეციალისტის, გამორჩეული ქართველოლოგისა და კავკასიოლოგის, აფხაზ მეცნიერთა თაობების აღმზრდელის, მე-20 საუკუნის ქართული მეცნიერების მშვენების, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის სახელობის აუდიტორია.

ღონისძიება და სამეცნიერო კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა მარინე ტურავამ. მონაწილეებს დუზჯეს უნივერსიტეტიდან (თურქეთი) მიესალმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლია ახალაძე. რექტორმა მსმენელებს აღუთქვა, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე აღძრავს თბილისის მერიის წინაშე შუამდგომლობას, რათა ქ. ლომთათიძის სახელი მიენიჭოს დედაქალაქის შესაფერის ქუჩას.

მისალმებით გამოვიდნენ და დიდი ქართველი მეცნიერის განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბესიკ ოდიშარიამ და ნინო ლობჟანიძემ.

ქ. ლომთათიძის შვილიშვილმა, გიორგი ჭანტურიამ გაიხსენა მეცნიერის დამოკიდებულება და მჭიდრო ურთიერთობები თავის აფხაზ მოწაფეებსა და ცნობილ მოღვაწეებთან. მან ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ქ. ლომთათიძის ქართველოლოგიური მემკვიდრეობა მიმოიხილა მეცნიერის მოწაფემ, ფილოლოგიის დოქტორმა მანანა ბუკიამ.

ფილოლოგიის დოქტორმა სოფიკო ჭაავამ წარმოადგინა აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა აფხაზურენოვანი წერილები და დეპეშები, რომლებშიც მკაფიოდაა გამოხატული ავტორთა უდიდესი სიყვარული და გულწრფელი პატივისცემა ქართველი მეცნიერისადმი.

ორი მოხსენება მიეძღვნა იმ კვლევის შედეგებს, რომელიც დასასრულს უახლოვდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ენათა ფუნქციონირება 30-იანი წლების აფხაზეთში საბჭოთა პოლიტიკის კონტექსტში“ – ფარგლებში: ფილოლოგიის დოქტორმა გვანცა გვანცელაძემ გააშუქა საკითხი „დიასპორათა ენები 30-იანი წლების აფხაზეთში“, ხოლო პროფ. თეიმურაზ გვანცელაძემ – „ენობრივი პოლიტიკა აფხაზეთში წარსულში და ამჟამად“. ორივე მოხსენება ემყარებოდა აქამდე დაუმუშავებელ ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიისა და ენობრივი პოლიტიკის პრობლემათა საკვლევად.  

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო აკად. . ლომთათიძის სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა, მისი ნაშრომები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ავტორობით გამოცემული წიგნები აფხაზური ენის შესახებ.

ფოტო გალერეა