სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, მოხალისეობრივ საქმიანობასა და საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას მიეძღვნა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - საქმიანობა და მიმდინარე ინიციატივები გააცნეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჯალაღონია, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აუდიტის სამსახურის უფროსი გია ედილაშვილი და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია.
ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხო ახალგაზრდების როლს მოხალისეობრივ ინიციატივებში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და იმ თანამშრომლობით შესაძლებლობებს, რომლებიც სტუდენტებს სხვადასხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ პროექტში ჩართვის საშუალებას მისცემს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობას, როგორც აკადემიურ სივრცეს, სადაც განათლება მჭიდროდ უკავშირდება მოქალაქეობრივ ცნობიერებას, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც ითანამშრომლონ ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში და ხელი შეუწყონ სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას მოხალისეობრივ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ვეტერანი თანამშრომლები და სტუდენტები.
