2025 წლის 25 სექტემბერს, ერასმუს+
პროექტის „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გაიმართა ცნობიერების ამაღლების დღე.
ბოლო დროს, განათლების სისტემების განხილვისას,
უფრო და უფრო ხშირად გაისმის ტერმინი "რბილი უნარები". რბილი უნარები არ
არის დაკავშირებული რომელიმე ერთ დარგთან ან დისციპლინასთან, ისინი აუცილებელია ნებისმიერ
პროფესიაში, გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესრულებას
დაისახავს მიზნად.
რბილი უნარები არის პიროვნული თვისებები,
რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას, უფრო ეფექტურად თანამშრომლობასა
და პრობლემების სწრაფად გადაჭრას. ეს უნარები
გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემის მოგვარებას, საჯარო გამოსვლას,
ლიდერობას, გუნდურ მუშაობას, ციფრულ წიგნიერებას, ხელმძღვანელობას, კომუნიკაციას. რბილი
უნარები პროფესიონალიზმისა და ეთიკის ცნებებსაც მოიცავს. რბილი უნარები, იგივე მოქნილი
უნარები, მნიშვნელოვანია როგორც პირადი ცხოვრების წარმართვაში, ასევე კარიერულ წინსვლაში.
აღნიშნული პროექტის კოორდინატორია ვანაძორის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პარტნიორია. პროექტის
მიზანია საქართველოსა და სომხეთში განათლების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების
კარიერული პერსპექტივის გაუმჯობესება და 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მიხედვით, რბილი
უნარების განვითარება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „რბილი
უნარების“ ათი მოდულის შემუშავება, რომლებიც დაინერგება საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამებში; შეიქმნება 2 სახელმძღვანელო. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს იმ გარემოებას,
რომ განათლება გახდეს შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული, ხოლო კურსდამთავრებული
- კონკურენტუნარიანი.
2025 წლის 25 სექტემბერს რბილი უნარების
ლაბორატორიაში შეკრებილ სტუდენტებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა
ჯუღელი და ყურადღება გაამახვილა წარმატების მიღწევაში რბილი უნარების მნიშვნელობაზე.
პროექტის შესახებ - მიზნებზე, მოსალოდნელ
შედეგებზე, ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობებისა
და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა
ინდირა ძაგანიამ.
პრეზენტაცია თემაზე - „კრიტიკული აზროვნების
განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ წარადგინა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან ფიფიამ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასისტენტ-პროფესორმა მაია აღაიამ წარადგინა პრეზენტაცია ციფრულ წიგნიერებაზე და ჩაატარა
ვორქშოფი გუნდურ მუშაობასა და კონფლიქტების მართვაზე, რომელშიც სტუდენტებმა აქტიური
მონაწილეობა მიიღეს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავამ მადლობა გადაუხადა პროექტის კოორდინატორსა
და მონაწილეებს საინტერესო ღონისძიებისთვის.