სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2026 წლის 14–15 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია - „დედა ენა - 150“, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენცია 14 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, VII სართულზე მდებარე სააქტო დარბაზში გაიხსნა. ღონისძიება გახსნა და მოდერაცია გაუწია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორმა თეა ჯუღელმა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჯალაღონიამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა ტურავამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ შინჯიაშვილმა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია ახალაძემ.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე - „ქართული ანბანის სახელმძღვანელოების ისტორიისათვის“.

პირველი სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დიდაქტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ მნიშვნელობაზე, ქართული ენის სწავლებისა და განვითარების საკითხებზე, ასევე მის თანამედროვე ღირებულებაზე. განხილვის საგანი იყო „დედა ენის“ როლი როგორც სოციალურ და საგანმანათლებლო ფენომენად, ასევე ეროვნული იდენტობისა და პედაგოგიური აზროვნების მნიშვნელოვან საფუძვლად.

ამავე დღეს, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეს ესტუმრნენ, სადაც „დედა ენის“ გამოცემების გამოფენას გაეცნენ. გამოფენამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ „დედა ენის“ სხვადასხვა გამოცემასა და მათ ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული გამოცემების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მაია მიქაბერიძემ.

კონფერენციის მეორე სესია 15 აპრილს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საკონფერენციო დარბაზში. სესიას ხელმძღვანელობდნენ პროფესორი მერაბ ნაჭყებია და ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა. მეორე სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები და გაიმართა დისკუსია. ამასთან, განიხილეს ქართული ენის ბედი, ქართველოლოგიური კვლევები საზღვარგარეთ, ქართული ენის დაცვისა და ტრანსფორმაციის საკითხები, ციფრული კომუნიკაციის გავლენა ენაზე, ასევე ქართველურ ენებსა და სოხუმელთა ჟარგონთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვა ქართული და უცხოური აკადემიური და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, პარიზის VIII უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.

საიუბილეო ღონისძიებები 21 აპრილს დასრულდა საჯარო ლექციით, რომელიც თბილისის 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ღონისძიებათა ციკლი მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მნიშვნელობის წარმოჩენას ქართული საგანმანათლებლო და კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა

ფოტო გალერეა