სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე   საზეიმოდ აღინიშნა

2022 წლის 10 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და განათლების მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით აღინიშნა. კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როგორც არსებული ცოდნის ორგანიზაციისა და ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა მეცნიერების საზოგადოებრივი როლი და ამ პოტენციალის მშვიდობის სამსახურის ჩართვის აუცილებლობა. პროფ. ზურაბ ხონელიძემ საზოგადოებას შესთავაზა მეცნიერების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ახალი გზები და მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა საზოგადოებებსა და კულტურებს შორის მშვიდობიანი კომუნიკაციისა და თანაარსებობის შესაძლებლობას. გარდა გამოყენებითი და თეორიული საკითხებისა, რექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სიახლეები, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან ერთად დაიგეგმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. დამსწრე საზოგადოებისთვის მოულოდნელად სასიხარულო აღმოჩნდა სსუ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებები: 2022 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით, დაწესდა 3 პრემია: პირველი, მეცნიერებაში გამოჩენილი განსაკუთრებული მიღწევებისთვის (მნიშვნელოვანი ნაშრომი აფხაზეთმცოდნეობის მიმართულებით) დაწესდა გამოჩენილი აფხაზი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის სახელობის პრემია; მეორე, განსაკუთრებული შემოქმედებით წარმატებისთვის (მწერლობა, თეატრი, მხატვრობა, მუსიკა, ქორეოგრაფია და ა.შ.) დაწესდა ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ძვირფასი აფხაზი პოეტის ივანე თარბას სახელობის პრემია; მესამე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განსაკუთრებული წარმატებებისათვის მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის პრემია.


დამსწრე საზოგადოებისთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა სსუ აკადემიური საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება: მიმართოს შესაბამის ინსტიტუციებს, რათა საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, კედელზე გაკეთდეს გამოჩენილი აფხაზი პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების გიორგი შარვაშიძისა და ივანე თარბას ბარელიეფები, ან დაიდგას სპეციალური კენოტაფი. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ არასასიამოვნო გარემოებებითაა მიღებული, რაც ამ ორი პოეტის საფლავთან დაკავშირებით არსებობს აფხაზეთში. სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზური საზოგადების ნაწილმა გიორგი შარვაშიძის საფლავი გადაშალა ოკუპირებულ მოქვში, იგივე ემუქრება ივანე თარბას საფლავს, რომლის შეურაცხყოფას არ ერიდება მავანი. ორივე პოეტის „დანაშაული“ საქართველოსადმი მათი განსაკუთრებული სიყვარული და აფხაზური სეპარატიზმისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით აიხსნება. იმედია თბილისის მერია და შესაბამისი ინსტიტუციები, სსუ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას გულისხმიერად მოეკიდება და ამ ორი, საქართველოზე შეყვარებული აფხაზი პოეტის საპატივცემულოდ მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ბარელიეფს ან კენოტაფს აღმართავს.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყო უნივერსიტეტის Horizon Europe-ს საგრანტო ოფისის ხელმძღვანელი ლევან კვარაცხელია, რომელმაც ისაუბრა „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“, ღია მეცნიერება" და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ ევროკავშირის სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.

უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობა წარმოდგენილი იქნა ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მიერ. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ასოც. პროფ. ნესტან კეკელიას (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი), ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯიას (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი), ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილის (განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სსუ-ში Unisef-ის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი), პროფ. ვეფხვია გვარამიას (სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი), ასოც. პროფ. ნინო მაშიას (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე), ლევან გერაძის (სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი), ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის მარინა ფოჩხუას (მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი), ასოც. პროფ. ლია ახალაძის (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის უფროსი). თითოეულმა გამომსვლელმა დაწვრილებით წარმოადგინა ფაკულტეტების, ცენტრებისა და დეპარტამენტის საქმიანობა, საერთაშორისო და რუსთაველის ეროვნული ფონდის სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო აქტივობებში აკადემიური პერსონალის ჩართულობა. საუბარი შეეხო სამეცნიერო პუბლიკაციებს, მონოგრაფიულ კვლევებს, სტატიებს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science, Scopus, Google Scholar და სხვა საძიებო სისტემებში. გამომსვლელებმა ისაუბრეს აკადემიური პერსონალის ციტირების ინდექსის ამაღლების აუცილებლობაზე, რაც უახლოეს დღეებში უთუოდ გაიზრდება, რადგან უნივერსიტეტის „შრომების“ ბოლო ნომერს DOI -ის ციფრული იდენტიფიკატორი მიენიჭა. განხილული იქნა სადოქტორო თემებზე მუშაობის საკითხი, სადისერტაციო საბჭოებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა და წარმატებით დაცული სადოქტორო დისერტაციები. მათ შორის აღინიშნა უკანასკნელ ხანს დაცული ნაშრომები: არქეოლოგიის მიმართულებით, დოქტორანტების ჯონი აბულაძისა და დიმიტრი ჟვანიას მიერ დაცული თემები, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ პროფ. ჯონი აფაქიძე და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი სვენდ ჰანზენი. ასევე განათლების მიმართულებით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის და აწ, უკვე თანამშრომლის ნინო წულაიას სადოქტორო ნაშრომის წარმატებული დაცვა ინგლისურ ენაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელები იუტას (აშშ) უნივერსიტეტის უცხოური ენის სწავლებისა და კვლევის ცენტრის უფროსი, პროფესორი ელნაზ კია და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მაია ჩქოტუა.


ონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის ორი მთავარი ფუნქციაა სწავლება და კვლევა და რადგან, მეცნიერება არის აკადემიური პერსონალის აქტიური საქმიანობის სფერო, სამეცნიერო მუშაობა აქტიურად აისახება უნივერსიტეტის განვითარებისა და ფუნქციონირების სასიცოცხლოდ აუცილებელ გარანტიებზე. დასასრულს კონფერენციის მუშაობა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა მეცნიერების საერთაშორისო დღე და წარმატებები უსურვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

იხილეთ: კონფერენციის პროგრამა

ლია ახალაძე
სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი


ფოტო გალერეა