სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

2025 წლის 11 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია არაერთი საინტერესო აქტივობა. პირველ დღეს კი, გაიმართა სამი მნიშვნელოვანი ღონისძიება:

ვირეულის გახსნა;

2024 წლის წარმატებულ მეცნიერთა დაჯილდოება;

უნივერსიტეტის ღია ციფრული რეპოზიტორიუმის პრეზენტაცია.

საქართველოს ჰიმნის შემდეგ, კვირეული გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეა ჯუღელმა, რომელმაც მეცნიერებს მიულოცა პროფესიული დღე და ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობას მეცნიერების საერთაშორისო კვირეულში. რექტორმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქალი მეცნიერების დამსახურებას უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სამეცნიერო დარგების წინაშე.

შეკრებილ მეცნიერებსა და სტუდენტებს მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ გამახარია, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების საერთაშორისო დღის მნიშვნელობასა და როლზე სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციის საქმეში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა ახალი გამოცემები აფხაზეთის შესახებ: 

„წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - აფხაზეთის ეპარქიის მმართველი“;

„წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მისიონერული და პედაგოგიური მოღვაწეობა აფხაზეთში (1851-1869)”. 

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობაზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისო კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა. პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.

ემოციურად დატვირთული იყო მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია, სადაც უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის მეცნიერები მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ მათი 2024 წლის სამეცნიერო მიღწევების საფუძველზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა აისახა ფაკულტეტის დეკანებიის, ასევე ხარისხის სამსახურის უფროსის, პროფესორების ვეფხვია გვარამიას, მარინა ტურავას, ნესტან კეკელიას, თამარ შინჯიაშვილის და კახა კოპალიანის მოხსენებებში. 

2025 წელს იუნესკოს მიერ ინიცირებულ სამუშაო თემაზე ნდობა, ტრანსფორმაცია და ხვალინდელი დღე: მეცნიერება, რომელიც გვჭირდება 2050 წლისთვის, ისაუბრა სამეცნიერო კვლევებისა და ანვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ლია ახალაძემ. 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღია ციფრული რეპოზიტორიუმის შესახებ ისაუბრა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, სპეციალისტმა, ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ.

დღის ბოლოს, პროფესორებმა ზურაბ პაპასქირმა, ედიშერ ფუტკარაძემ, ლალი გაბისონიამ, ლარისა თაკალანძემ, იზო ბუხულეიშვილმა, ზურაბ ლომთათიძემ და სხვებმა მადლობა გადაუხადეს რექტორს, პროფ. თეა ჯუღელს, და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს მეცნიერების მხარდაჭერისა და საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის. 

ფოტო გალერეა