სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სამხედრო კარიერის, ლიდერობის, ოფიცრის პროფესიისა და სამხედრო განათლების შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჯალაღონია. მან ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუმარს უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას უძღვებოდა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენელი, კაპიტანი ლექსო წაველიძე.
პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს, სამხედრო განათლების სისტემას, მიღების პირობებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
კაპიტანმა ლექსო წაველიძემ დეტალურად ისაუბრა ოფიცრის პროფესიის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე, რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე, მიღების კრიტერიუმებსა და კანდიდატთა შერჩევის ეტაპებზე. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია აკადემიაში არსებული სასწავლო, სპორტული და საცხოვრებელი პირობების შესახებ.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლისგან მიეღოთ.
